9
მდინარე ლიახვში დაკარგული რუსი რეჟისორის ცხედარი იპოვეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 35 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ოსურ მედიასა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკრეტულად სად იპოვეს ცხედარი, ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, კაშხლის ტერიტორიასთან დასრულდა.
52 წლის ქალი 21 მაისს მდინარე დიდ ლიახვში საცალფეხო ხიდიდან გადავარდა. შემთხვევის დროს გადამღები ჯგუფი ოკუპირებულ ჯავის რაიონში იმყოფებოდა და, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ოსი მებრძოლების შესახებ პროპაგანდისტურ ფილმს იღებდა.



