ჩეხეთში დაკავებული რუსი მიტროპოლიტი მის ავტომობილში ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთიერებებთან კავშირს უარყოფს, – ინფორმაციას Reuters-ი მიტროპოლიტ ილარიონის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიტროპოლიტ ილარიონის დაცვის მხარემ თავად სასულიერო პირის „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა მისი ავტომობილი 24 მაისს ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ გააჩერეს.
სამართალდამცავებმა მიტროპოლიტ ილარიონის ავტომობილში „თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი აღმოაჩინეს“.
დაცვის მხარის განცხადებით, პოლიციამ „გაჩერების მიზეზი არ წარმოადგინა და ჩხრეკის პროცედურა არ დაიცვა“.
მიტროპოლიტი ილარიონი „კატეგორიულად უარყოფს აკრძალული ნივთიერებების უკანონო შენახვაში რაიმე სახის მონაწილეობას და მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს“.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტამდე მიტროპოლიტ ილარიონსა და ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარის მართლმადიდებლურ თემზე ხანგრძლივი ზეწოლა ხორციელდებოდა.
ჩეხეთის პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენლის თქმით, პოლიციამ ჩხრეკა ანონიმური შეტყობინების მიღების შემდეგ ჩაატარა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიტროპოლიტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარა.
ცნობისთვის, 2009-2022 წლებში მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2022 წელს ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. 2024 წელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მიტროპოლიტი ილარიონი სექსუალური შევიწროების ბრალდებებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე აღნიშნული თანამდებობიდან მოხსნა და ჩეხეთში, კარლოვი ვარის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის წინამძღოლად დანიშნეს.




