მწერალი ლაშა ბუღაძე:
ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს პარანოიაა, მაგრამ საკამათო ხომ არ არის, რომ რუსეთს ისტორიულად აბრაზებს საქართველოს ან ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმატება და თუკი ამ წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ერის ერთიანობა, გამარჯვების რწმენა და ოპტიმიზმია, უამრავ რესურსს დებს (და ყოველთვის დებდა), რომ ყოფილი კოლონია როგორმე ისევ უიღბლობისა და წარუმატებლობის ორმოში აღმოჩენილიყო.
ამდენად, თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ სწორედ რუსეთის ბობოლების დავალებით (და ამ რეჟიმის ქმედებით) დავისაჯეთ იმ საყოველთაო სიხარულისა და ერთიანობისთვის, რაც ორიოდე წლის წინ გვქონდა, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა ეროვნული ნაკრები და ამიტომ ზეიმიდან სულ რამდენიმე ხანში ხელახლა დაბრუნდა “რუსული კანონი”, რამაც ისევ სტრესი, განხეთქილება და უკუსვლის განცდა დააბრუნა, რომლის კულმინაციაც 2024 წლის 28 ნოემბერი იყო.
შესაძლოა კონცერტი მასშტაბით უფრო მცირე მოვლენად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ეჭვი არც აქ მეპარება, რომ კორძისა და მისი მეგობრების მიერ შესრულებულმა ახალმა “ბაშიაჩუკმა”, რომელსაც ათასობით ახალგაზრდა აჰყვა და ბედნიერებისა და ოპტიმიზმის შეგრძნებით აგვავსო, ბევრისთვის არანაკლებ საშიში აღმოჩნდა. ცნობილი სკაბრეზული “ოლე-ოლა” სულაც არ არის პრობლემა – რეჟიმს პირიქით საკვებს აძლევს კიდეც, როცა ვნებები არაერთგვაროვანია, მაგრამ ზეიმი ჩემპიონატზე გასვლის დროს, ანდაც აკაკის ლექსთან დაკავშირება 21-ე საუკუნიდან, სადაც ყველა ქართველს ახარებს ახლებურად გაცოცხლებული მელოდიაც, ტექსტიც და ენერგიაც, უკვე დიდი თავის ტკივილია.
ვის ახსოვს ასეთი ერთიანობის დროს, ვინ რა პოლიტიკური გემოვნებისაა – არის საქართველო და სიხარული მის გამო, ეს კი ძალის პოტენციის ზრდის საწინდარია, რაც არც “ხელისუფლებას” სჭირდება და ბუნებრივია არც ყოფილ კოლონიებზე ეჭვიანობით დაძაბულ რუსეთს. აქ ყველა ყველას მტერი უნდა იყოს, აპათია და უნდობლობა ჰყვაოდეს და არავის არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ “ამდენი მტრისა და ქაოსის პირობებში” არსებულის შეუცვლელობა გახდეს არგუმენტი.
ვიცით რა, რა მასშტაბის ფარული ომიც წარმოებდა საფეხბურთო კლუბებს შორის სსრკ-ში (“დინამო” შსს-ს და უშიშროებას ეკუთვნოდა და ფეხბურთელებსაც შესაბამისი ჩინი ჰქონდათ) და თუ როგორ ფხიზლობდნენ მმართველები გულშემატკივრების ვნებების კონტროლისას, ისევ და ისევ ისტორიაზე დაყრდნობითა და არა პარანოიით, ეჭვი არ მეპარება, რომ მარცხი და უძლურება – თუ ცნობიერი არა, გაუზრებელი, მაგრამ დეტერმინირებული დავალებაა ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც, რადგან გამარჯვება აღარ არის მათი ისტორიული ამოცანა. ეს არ სჭირდება მათთვის ოცდაათი ვერცხლის… უკაცრავად, ოცდაათი მილიონის გამცემ მილიარდერ “გულშემატკივარს”. ისინი მას უკვე სხვა ამოცანისთვის სჭირდება.




