საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს საპატრიარქო დელეგაციის მოსკოვში ჩასვლა “გამორიცხული არ არის”.
ამის შესახებ დეკანოზმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერი არ არის ამის შესახებ კონკრეტული“, – აცხადებს ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს მიწვევასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოდან „კონკრეტული რამე არ ყოფილა“.
„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ იმას, რომ რაიმე თარიღია შერჩეული და კონკრეტულად სამზადისია ამისთვის დაწყებული, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი ეკლესია, როდესაც ჩამოდის ან ჩვენ, როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე: რა გადაწყვეტილებას მიიღებს პატრიარქი შიო III – დეკანოზი აღნიშნავს, რომ „არ არის გამორიცხული“ მოსკოვში წასვლა.
„რ არის გამორიცხული. იცით, რაშია საქმე? ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს – შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.




