სოფო შევარდნაძეს სიყვარული აუხსნია მარია ზახაროვასთვის. ეს ზახაროვა რომელი ჯანდაბის ორღობის სპიკერატიდანაა? “ერეფიის” ანუ რუსეთის, ცხადია. იგივესი, საიდანაც არიან მარგო სიმონიანი, მოღრიალე გიბონი სოლოვიოვი, სკაბეევა, თიკა კანდელაკი და ა.შ.
ამ ნათქვამმა გამახსენა რაღაც-რაღაცეები – კერძოდ, ბაბუამისი, დიდი დამბოლებელი ედუ, ზოგიერთი ღია ან ფარული ჰომოსოვიეტიკუსის იდეალი. როდესაც ბრეჟნევს ეუბნებოდა, საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოვიდა, ლენინური იდეების მზეო. როდესაც ამბობდა, “ეტი სოლჟენიცინი, ეტი სახაროვი… პუსწ ლაეტ, ლაეტ საბაკა, ანა ნი სავრაწიტ კარავან ს ნამეჩენოი იმ პუწი….” პერესტროიკის კვირაძალში მახსენდება ინტერვიუ იტალიურ “კორერა დელლა სიერასთან”, სადაც მან თავის თავს “უკანასკნელი საბჭოელი” უწოდა და საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ, 31 მარტს გამართულ რეფერენდუმში.
პუტჩის შემდეგ მახსენდება მის მიერ დანიშნული ძალოვანი მინისტრები, (მაგალითად ვარდიკო, კვირაია, გიორგაძე) რომლებიც რუსეთის ფედერაციის შესაბამის თანამდებობის პირს “მოი მინისტრად” იხსენიებდნენ. გრაჩოვი, ვისაც ქვეყნისთვის ერთი ბეწო სასარგებლო საქმეც ვერ გააკეთებინა აფხაზეთის ომის მიწურულს, ყველაფერი წკიპზე რომ იყო. რომელზეც, სოხუმის ბარბაროსთაგან აღების შემდეგ იტყვის, დოურეკე და არ ეიღოო, ჰოდა მოხდა ეს უბედურობაო. შემდეგ აიღო და დურთა ქვეყანა ესენგეში…. სულ ბოლოს ივანოვიც ჩაერთო საქმეში, 2003 წლის ნოემბრებზე, საქმის დასალაგებლად ჩამოსული, რომელსაც ედუარდი ასლანთან გაგზავნიდა ბათუმში, და ეტყოდა – უთხარი, გადადგომას არ ვაპირებო.
ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ. ზოგიერთ ოჯახში ვერცხლის კოვზი გადადის თაობიდან თაობაში, ზოგიერთში — საბჭოთა ნოსტალგია. და როგორც ჩანს, ეს მემკვიდრეობა ყველაზე გამძლე აღმოჩნდა. ოჯახური ტრადიცია, ეტყობა მყარადაა დაცული — ზოგს მზე აღმოსავლეთიდან ამოსდის, ზოგს დასავლეთიდან, შევარდნაძეების პოლიტიკურ ორბიტაზე კი, ეტყობა, კომპასი ისევ მოსკოვის მიმართულებითაა გაჭედილი.
ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ სოფო შევარდნაძემ ზახაროვაში რაღაც განსაკუთრებული აღმოაჩინა. ალბათ, ზოგს რუსეთზე ფიქრისას პუშკინი ახსენდება, ზოგს ჩაიკოვსკი, ზოგს ტოლსტოი, სოფოს კი — ზახაროვა. გემოვნებაზე ხომ არ დაობენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გემოვნება პირდაპირ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესბრიფინგიდან იწყება და იქვე მთავრდება.




