თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - colliers
2023 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 387 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 20%-ით შემცირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
ბაზრის ზომა 10%-ით, 216 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
„2023 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 19%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით შემცირდა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 17% და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- ნათქვამია კვლევაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.