პროექტებში, რომლებიც 2024 წელს სრულდება ბინების 78% გაყიდულია

Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევისას გამოიკითხა 15 სისტემური დეველოპერი, რომლის შედეგადაც გაანალიზდა 65-მდე მიმდინარე პროექტის გაყიდვების დინამიკა. ეს ანალიზი საშუალებას იძლევა რეალურ დროში, მაღალი სიზუსტით მოხდეს ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შეფასება.
შედეგების გაანალიზებისას გამოიკვეთა რომ გამოკითხული დეველოპერების პროექტებში გაყიდვები განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წელს. მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდა 2023 წლის 9 თვეშიც და გაყიდვების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია 2022 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. თუმცა, აღსანიშნავია რომ, 2023 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში გაყიდვების ტემპი მცირედით შენელდა, რაც შესაძლოა მოთხოვნის თანდათანობით დასტაბილურებაზე მიანიშნებდეს.
გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება გაყიდულია ბინების 95%. გაყიდვების მაღალი ტემპია ასევე პროექტებში, რომლებიც 2024 და 2025 წლებში სრულდება, სადაც რეალიზებულია ბინების 78% და 58%, შესაბამისად.
შერჩეული დეველოპერული პროექტების გაყიდვების მაღალი ტემპიდან გამომდინარე და მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების გათვალისწინებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ეტაპზე ჭარბი მიწოდების საფრთხე არ იკვეთება. თუმცა, გაცემული ნებართვების მოცულობამ 2023 წლის 10 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, და თუ ნებართვების გაცემის ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ საშუალოვადიან პერიოდში ჭარბი მიწოდების საკითხი შესაძლოა აქტუალური გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ