2024 წლის განმავლობაში, ქირის ფასი შესაძლოა 20-25%-ით შემცირდეს – კახა სამყურაშვილი

2024 წელს უძრავი ქონების გასაყიდი ფასების სტაბილიზაციას, ხოლო ქირის ფასის 20-25%-ით დაწევას ელიან. „გალტ & თაგარტმა“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა. საინვესტიციო ბანკმა 15 სისტემური დეველოპერი გამოკითხა და მათ მიმდინარე 65 პროექტში გაყიდვების დინამიკა გაანალიზა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ს“ უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა განუცხადა, კვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა, ესენია – საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი და საინვესტიციო შენაძენი.
„ქვეყანაში უძრავი ქონება კვლავ მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად რჩება, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. თუმცა, დადებითი ტენდენციის პარალელურად, არსებობს გარკვეული საფრთხეებიც უძრავი ქონების ბაზარზე, რაც საცხოვრებელ კორპუსებზე გაცემული სამშენებლო ნებართვების სტატისტიკას უკავშირდება. მათმა მოცულობამ 2023 წლის 10 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, და თუ ნებართვების გაცემის ეს ტენდენცია შენარჩუნდა, საშუალოვადიან პერიოდში ჭარბი მიწოდების საკითხი, შესაძლოა, აქტუალური გახდეს. თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება, ბინების 95% გაყიდულია, შესაბამისად, ჭარბი მიწოდების საფრთხე დღეს, არ იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ბინები საბურთალოზე იყიდება, სადაც მიწოდების მაჩვენებელიც მაღალია“, – აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.
მან უძრავი ქონების გასაყიდ ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ თბილისის ყველა უბანში ის მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად, დეველოპერების პროექტებში შეთავაზების მინიმალური ფასი 900 დოლარია, მაშინ როცა 2 წლის წინ, 600 დოლარს შეადგენდა.
„რაც შეეხება პროგნოზებს, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების, მიგრაციის პოტენციური შენელების და მიწოდების ანალიზის გათვალისწინებით, 2024 წელს მოსალოდნელია უძრავი ქონების გასაყიდი ფასების სტაბილიზაცია. ფასების შესამჩნევი ზრდა 2021 წლიდან დაიწყო, რაც თავიდან სამშენებლო მასალების ფასების ზრდის შედეგი იყო, რასაც თან დაერთო ხელფასების ზრდაც და მიგრანტების შემოდინებით გაზრდილი მოთხოვნა. მიგრანტებს გავლენა ჰქონდათ ქირის ფასზეც, რომელიც 2022 წლის მარტიდან თითქმის გაორმაგდა, თუმცა წელს დაწევა დაიწყო და პიკურ ნიშნულთან შედარებით 6 პროცენტით გაიაფდა“, – აღნიშნა „გალტ & თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, 2024 წლის განმავლობაში, ქირის ფასი 20-25%-ითაც კი შემცირდეს.
ცნობისთვის, 2023 წლის ოქტომბერში თბილისში 3 377 ბინა გაიყიდა. წინა თვესთან, ანუ სექტემბრეთან შედარებით, ტრანზაქციებმა 13%-ით მოიმატა.

bp.ge