მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებში, რუსეთზე ზეწოლასა და მშვიდობასთან მიახლოებაში ყველა ნაბიჯი მაქსიმალურად კარგად იყოს მომზადებული და ჩვენს ძირითად პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს. ემანუელ მაკრონმა გარკვევით იცის დიპლომატიური პერსპექტივების ყველა დეტალი. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებში, რუსეთზე ზეწოლასა და მშვიდობასთან მიახლოებაში ყველა ნაბიჯი მაქსიმალურად კარგად იყოს მომზადებული და ჩვენს ძირითად პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას მიაჩნია, რომ ევროპა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული დიპლომატიურ პროცესში და მისი ხმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე უნდა იყოს.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ევროპა ჩართული უნდა იყოს დიპლომატიურ პროცესში და ევროპის ხმას წონა უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ვაცნობე ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა გააგრძელოს სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე. განვიხილეთ ამ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის, სიცოცხლის დაცვის და დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროების ვარიანტები. საფრანგეთის მხარდაჭერისა და მტკიცე გადაწყვეტილებების დიდი იმედი გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.




