რუსეთის პავილიონი 2026 წლის ვენეციის ბიენალეზე
ვენეციის ბიენალეს, მსოფლიოში წამყვანი ხელოვნების ფორუმის ჟიურის ყველა წევრი გამოფენის გახსნამდე ცხრა დღით ადრე გადადგა. გადაწყვეტილება მოჰყვა დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბიენალეზე რუსეთის დაბრუნებამ გამოიწვია.
მოკლე განცხადებაში ჟიურიმ განაცხადა, რომ ის მოქმედებდა თავისი წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ არ შეეფასებინათ ქვეყნები, “რომელთა ლიდერებიც ამჟამად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში არიან ბრალდებულნი,” რაც გულისხმობს რუსეთსა და ისრაელს.
ჟიურის გადადგომას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდიი სიბიჰა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “თავიდანვე, [ბიენალეს] მიერ რუსეთის მიღების მხდალი გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, როგორ ვნებს ის ვენეციის ბიენალეს.”
სიბიჰას თქმით, “უკრაინა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც მორალური პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით ხელმძღვანელობს და უარს ამბობს ამ სირცხვილის აღიარებაზე.”
მან ასევე მოიწოდა ბიენალეს, “შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და რუსეთი შორს დაიჭიროს.” მისი თქმით, “პრინციპულ პოზიციაზე დასაბრუნებლად დრო ჯერ კიდევ არის.”
აქამდე, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს რუსეთის დაბრუნების გამო დაფინანსებას შეუმცირებს.
“როდესაც რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს წაშალოს უკრაინული კულტურა, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის გამოფენის უფლება,” – განაცხადა კალასმა 21 აპრილს, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე.
შექმნილ ვითარებას ასევე გამოეხმაურა იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა “გადაწყვეტილებაა, რომელიც არ შეესაბამება მთავრობის აზრს.”
მისივე თქმით, ბიენალეს პრეზიდენტს ავტონომია აქვს და ის “ძალიან შეძლებულია.”
ბიენალემ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ის კვლავ დიალოგის სივრცედ რჩება, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან განცალკევებულია.


