საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ TV იმედთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ არსებობს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევიის 2017 წლის ვიზიტის სრული ჩანაწერი, რომელსაც გამოაქვეყნებს.
ჯაღმაიძემ განმარტა, რომ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, “ვთხოვდი უბრალოდ იმ ხალხს, ვინც დიდი ხანია სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, რომ ახლა მაინც იქნებ დადუმდნენ ამ თემაზე, თითქოს ალფეევის ჩამოსვლას რამე უკავშირდება”.
“მე ფირი გამოვაგზავნე ალფეევის ვიზიტის შესახებ, მოვიძიეთ ეს საპატრიარქოს არქივიდან და უნიკალურია, პირველად ნახავს მაყურებელი. ეს არის ალფეევის ვიზიტი 2017 წლის 1 ნოემბერს. ამ კადრებში არის სრულად გადაღებული, როგორ მობრძანდება რუსეთის საგარეო ურთერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ხვდება პატრიარქს, საუბარი არის სხვადასხვა თემაზე. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მზადდებოდა კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის შექმნის საკითხი და ეს იწვევდა ძალიან დიდ დაძაბულობას როგორც რუსეთში, ასევე კონსტანტინოპოლის მხარეს. და საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელები ხან ერთი ეკლესიიდან, ხან მეორიდან ჩამოდიოდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ისინი ეძებდნენ მომხრეებს, რადგან ეს პროცესი საკმაოდ მწვავე იყო.
აქ მეუფე ილარიონმა პატრიარქს გაახსენა, რომ მას სურდა აფხაზეთის თემაზე შეექმნა კომისია და ამას მოჰყვა ის, რომ პატრიარქმა უთხრა, რომ “აქ, ჩვენთან არის წარმოშობით სოხუმელი მღვდელმთავარი, გრიგოლ კაცია. ის წამოაყენა, გააცნო და ისურვა, რომ ეს კომისია შედგეს, რომელიც აფხაზეთის თემაზე ისაუბრებს. ზოგადად პატრიარქი არასდროს უშვებდა ხელიდან საშუალებას, რომ აფხაზეთზე არ ესაუბრა. სრულად გადაღებულია როდის შემოდის ილარიონ ალფეევი, მერე რა ხდება შიგნით – ზამთრის ბაღი აჩვენა პატრიარქმა. ამ ფირს დავდებ მთლიანად, რომ მაყურებელმა ნახოს. და ბოლოს გაცილება.
ვის წარმოუდგენია, რომ ეკლესიის პირველ პირს ვიღაც სხვა ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდეს და არავინ დაისწროს პატრიარქმა და რაღაც ასეთი საუბარი შედგეს. ეს სრულიად წარმოუდგენელია პროტოკოლურადაც. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩანაწერი არსებობს. მე ვთხოვდი უბრალოდ იმ ხალხს, ვინც დიდი ხანია სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, რომ ახლა მაინც იქნებ დადუმდნენ ამ თემაზე, თითქოს ალფეევის ჩამოსვლას რამე უკავშირდება.
[…] ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სპეკულაციები არ ჩერდება, ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარებს. […] ამ ფირის გაშვება რამდენი ხნის წინ შეგვეძლო. უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესიას აქვს ძალიან დიდი რესურსი სიმყარის და ყოველწუთს არ გვჭირდება ჩვენ თავის მართლება. ახლა განსაკუთრებული ვითარება არის და გადავწვიტე ეს გამესაჯაროებინა და ენახა ხალხს. – თქვა ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი 2017 წლის 1 ნოემბერს ეწვია.
ცნობისთვის, პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოსულ რუსულ დელეგაციაში იყო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ყოფილი თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი.
ალფეევის ვიზიტმა, 2017 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ დადგენამდე რამდენიმე დღით ადრე, მრავალი კითხვა გააჩინა. ალფეევი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოფრინდა და გაფრინდა. წლების განმავლობაში მრავალი სასულიერო პირი, მათ შორის, მღვდელმთავარი, გამოთქვამდა ეჭვს, იყო თუ არა პატრიარქის გადაწყვეტილება ზეწოლისგან თავისუფალი.
მოგვიანებით მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი კირილმა საგარეო პოსტიდან გადააყენა და ბუდაპეშის მიტროპოლიტად დაადგინა. ილარიონმა იქ წაიყვანა იაპონური წარმომავლობის სტიქაროსანი, რომელმაც მას ჩანაწერები გამოუქვეყნა. სკანდალის შემდეგ ილარიონი გადადგა.