უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს.
უკრაინული მედიის ცნობით, სიბიგამ ეს განცხადება კიევში, გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„სამშვიდობო ძალისხმევის მხრივ, მაქსიმალური გააქტიურება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამჟამად პაუზის ფაზაში ვართ. ამერიკული მხარის უფრო აქტიური მონაწილეობა გვჭირდება. მივესალმებით ასეთ მონაწილეობას, მივესალმებით ამერიკის ლიდერობას, რადგან ამერიკელების, შეერთებული შტატების გარეშე, ამ სიტუაციაში პროგრესისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია“, – აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში მათი ბოლო შეხვედრის დროს განიხილა.
სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე უკრაინაში ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის ჩამოსვლას ელოდება.
„უკრაინას აქვს იდეები, მათ შორის კრეატიული, ამ პროცესის მაქსიმიზაციისთვის. ჩვენ ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის ჩამოსვლას ველოდებით“, – აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, სამშვიდობო პროცესში პაუზა არ უნდა იყოს.
„ერთი სიტყვით: პაუზა არ უნდა იყოს და ახალი აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, უპირველეს ყოვლისა, ამ ომის დასრულების გზაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამისთვის ერთი, პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება არსებობს: პუტინი“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




