“ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით”, – განაცხადა ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ. მისი თქმით, კასპიის ზღვაში უკრაინის მიერ ირანულ გემზე დარტყმის საპასუხოდ თეირანი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის მზად იყო. “მაგრამ ამის შემდეგ უკრაინამ ბოდიში მოიხადა და ჩვენ შეტევა გავაუქმეთ”, – დასძინა ხამენეის მრჩეველმა.
ცნობისთვის: მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე უკრაინელთა დარტყმის საპასუხოდ ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის განმუხტვა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის საუბრის შემდეგ მოხერხდა.
ყოველივე ეს ნიშნავს თუ არა, რომ შეიძლება ამ ორი – რუსეთ-უკრაინისა და ამერიკა-ირანის ომების “გაერთიანება” მოხდეს ისე, რომ რუსულთან ერთად ირანული ბალისტიკური რაკეტებიც გაფრინდნენ უკრაინული ქალაქებისკენ, ხოლო ამერიკული ავიაციის მიერ ირანული ობიექტების დაბომბვის პარალელურად, უკრაინული კამიკაძე-დრონები კასპიის ზღვაში კვლავ შეუტევენ იმ ირანულ სატვირთო გემებს, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი რუსეთის პორტებში გადააქვთ ან იქიდან ირანში მიაქვთ?
ამ “შეშლილ” მსოფლიოში გამორიცხული არაფერია, თუმცა შესწევს კი ირანს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ უკრაინას დარტყმა მიაყენოს? მიაღწევენ თუ არა კიევამდე ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები?
ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან (რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანს ესაზღვრება) 2 ათასი კმ-ის რადიუსში ხვდება ნატოს წევრი ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიები, ხოლო 3 ათასი კმ-ის რადიუსში – იტალიის, ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის ტერიტორიების ნაწილები, მთლიანად ბალტიისპირეთის სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა და უკრაინაც.
ირანის არსენალში არის 3 ათას კმ-მდე მფრენი (ოღონდ შემცირებული მასის საბრძოლო ქობინით) ბალისტიკური რაკეტა Khorramshahr-ები, ისევე როგორც 2 ათასი კმ ფრენის რადიუსის მქონე Emad, Ghadr და Sejjil-ები, რომელთა პოლონეთისკენ, ფინეთისკენ, შვედეთისკენ თუ უკრაინისკენ გაშვების შემთხვევაში ისინი საქართველოს თავზე გადაიფრენენ…
…ოღონდ ქართული საჰაერო სივრცის ეს “დარღვევა” მოხდება რამდენიმე ათეული ან სულაც ასი კმ-ის სიმაღლეზე ანუ ღია კოსმოსში, ბალისტიკური ტრაექტორიით, და ჩვენთვის ნაკლებად სადარდებელი იქნება. მაგრამ, თუკი ირანმა გადაწყვიტა, წერტილოვნად დაარტყას შავ ზღვაში უკრაინის საზღვაო პორტებს, მაგალითად, ოდესას, რჩება მეორე საჰაერო გზა, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ცის გავლით და შავ ზღვაზე გადაფრენით უკრაინამდე მიდის.
სომხეთის ცაში 180-მდე კმ-ის დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა ირანული “შაჰიდებისთვის” დიდ სირთულეს არ წარმოადგენს (გიუმრიში დისლოცირებული რუსული 102-ე სამხედრო ბაზის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კიდეც რომ აღმოაჩინონ ირანული “შაჰიდები”, მოსკოვის მითითებით რეაგირება არც ექნებათ).
სომხეთიდან შემოფრენილ ირანულ “შაჰიდებს” ქართულ ცაში გასაფრენი 200-მდე კმ ექნებათ, რათა შავი ზღვის თავზე გავიდნენ, რისთვისაც “შაჰიდს” ერთ საათზე ცოტა მეტი ხანი დასჭირდება და ძალზე საეჭვოა, ამ მცირე ხანში ქართულმა მხარემ რეალურად რეაგირება მოახერხოს მათ ჩამოსაგდებად.
შავი ზღვის თავზე ფრენისას ირანულ “შაჰიდებს” არავინ დაემუქრება და მათ შეეძლებათ ჩრდილოეთით იცვალონ გეზი და უკრაინის სამხრეთისკენ, ოდესისკენ გაფრინდნენ.…
მოკლედ, თუკი უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ძალუძთ ფრონტის ხაზიდან ათასიოდე კმ-ით დაშორებულ კასპიის ზღვაში ზუსტი საჰაერო დარტყმები საბრძოლო მასალით დატვირთულ რუსულ და ირანულ გემებზე, ასეთივე კამიკაძე-დრონების “შაჰიდების” “სამშობლოს”, ირანსაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეს მათი საშუალებით უკვე შავ ზღვაში შეუტიოს უკრაინის პორტებისკენ მიმავალ სავაჭრო გემებს (რასაც რუსეთი ისედაც აკეთებს, ისევე როგორც უკრაინელებმა ასზე მეტი ტანკერი და მშრალტვირთმზიდი გემი დააზიანეს აზოვისა და შავ ზღვებში).
გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუკი ირანული კამიკაძე-დრონები მართლაც შეეცდებიან სამხრეთ კავკასიის და, პირველ რიგში, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას შავი ზღვის თავზე გასაფრენად, ამაში კარგი არაფერი იქნება.
მისასალმებელია, რომ ირანსა და უკრაინას შორის მზარდი უთანხმობა მეტწილად შემცირდა ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთი სატელეფონო საუბრით, თორემ აიათოლების რეჟიმს ჰქონდა და ახლაც აქვს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტებით და ასევე კამიკაძე-დრონებით მისწვდეს ირანის ჩრდილოეთ საზღვრიდან პირდაპირი ხაზით 1 300 კმ-ით დაშორებულ უკრაინის ოდესას.
შეიძლება ოდესისთვის, რომელიც ისედაც ყოველღამ იბომბება რუსული ბალისტიკური რაკეტებით, ამას დიდი მნიშვნელობა აღარც ჰქონდეს, მაგრამ დაფიქსირდებოდა ირან-უკრაინის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება და ეს რომ არ მოხდა, საქართველოშიც უნდა გვიხაროდეს, რადგან ირანიდან უკრაინისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების ფრენის ტრაექტორიები საქართველოს თავზე აღარ გადაივლის.




