„ამის მკვლელობად შეფასება არასწორია“ — ლავროვის მოადგილე გინტურზე

ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი თამაზ გინტურის მკვლელობის გამო ვინმეს პასუხისმგებლობაში მიცემას საჭიროდ არ მიიჩნევს.
ის ამბობს, რომ მესაზღვრეები წესების მიხედვით მოქმედებდნენ და მომხდარის მკვლელობად შეფასება არასწორია.
„რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს, ტერმინოლოგია, რომელიც შეკითხვაში გამოიყენეთ, არაკორექტულია. საქმე ეხება არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას, რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ამასთან ერთად ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს. ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია. ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები. ამის მიუხედავად ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დასჯახებოდნენ მათ“, — განუცხადა გალუზინმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მისი თქმით, თავიდან გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ უკვე მანქანის ბორბლების მისამართით.
„რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე? მესაზღვრეები მოქმედებენ იმ წესების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილია. ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია. კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარგად განემარტა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ არ ღირს ჩუმად საზღვრების გადაკვეთა“, — დასძინა გალუზინმა, რომელიც რუსეთის წარმომადგენელია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს, მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრიეს. ამის შემდეგ, მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროპარლამენტისა და -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩათვლით, ინციდენტს საქართველოს მოქალაქის მკვლელობად მოიხსენიებენ. ევროპარლამენტმა გინტურის მკვლელობაზე მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საბჭოს მოუწოდა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე.