“ნაჯახი სერიოზული იარაღია… გინტური არ მოგვიკლავს” – რუსეთი ზურგიდან ჩაცხრილულ საქართველოს მოქალაქეზე

ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ტერმინი “მკვლელობის” გამოყენება არასწორია.
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ კომენტარში თავად თამაზ გინტურს სდებს ბრალს თავდასხმაში და ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რუსი სამხედროები “თავს იცავდნენ” საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც მათ, მისივე მტკიცებით, “ნაჯახით ემუქრებოდნენ”.
იგი არ აკონკრეტებს, როგორ მოხდა, რომ გინტურს ზურგში აქვს ტყვიები დახლილი, თუ იგი თავდასხმისას მოკლეს? არც იმას ამბობს, რანაირად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებს, მაშინ, როცა უკვე მანქანაში ისხდნენ და სახლისკენ მოდიოდნენ, როცა ცეცხლი გაუხსნეს.
“საჭიროა რეალურად და ცხადად იმ გეოპოლიტიკური რეალობის მიღება, რომელიც გარშემო გვაქვს. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის, მიზეზებისა, სათავეებისა და ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან. როგორ იწყებოდა საქართველოში აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებული იქნება მშვიდობისკენ. რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს, ტერმინოლოგია რომელიც შეკითხვაში გამოიყენეთ არაკორექტულია. საქმე ეხებოდა არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს, ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია, ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას, როდესაც მას წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დასჯახებოდნენ. თავიდან, გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ კი უკვე მანქანის ბორბლების მისამართით. რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როდესაც მესაზღვრე მოქმედებდა იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია, ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია. კარგი იქნებოდა ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა”, – ამბობს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მხარეებმა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ