WP: ომთან დაკავშირებული შიშების გამო, რუსებს ბანკებიდან მილიარდები გამოაქვთ

რუსებს ქვეყნის საბანკო სისტემიდან მილიარდობით დოლარის ოდენობის თანხები გამოაქვთ – უკრაინული დრონების ინტენსიური თავდასხმებისა და იმის შიშის ფონზე, რომ კრემლმა ომის დასაფინანსებლად შესაძლოა მოქალაქეების დეპოზიტების ჩამორთმევა დაიწყოს, ფულის გადინებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ The Washington Post-ს რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლები უყვებიან.

გამოცემა წერს, რომ აგვისტოს პირველ ორ კვირაში ბანკებიდან თითქმის 3.4 მილიარდი დოლარი (286.4 მილიარდი რუბლი) გაიტანეს. ამას ემატება ივლისში გატანილი 7.3 მილიარდი დოლარი და ივნისში გატანილი 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი.

რუსეთის ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის, სბერბანკის, მაღალჩინოსნის, ტარას სკვორცოვის შეფასებით, მიმდინარე წელს საბანკო სისტემიდან გატანილი თანხის ოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს იმ თანხასთან შედარებით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს გაიტანეს.

სკვორცოვისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, თანხების მასობრივი გატანა ლიკვიდურობის პრობლემებს იწვევს და დამატებით ზეწოლას ახდენს ფინანსურ სექტორზე, რომელიც ისედაც გადატვირთულია მთავრობის მიერ სამხედრო მრეწველობის გაზრდის მიზსნის უპრეცენდენტოდ დიდი დაფინანსებითა და დაკრედიტებით.

“დრონები დაფრინავენ. ყველაფერი იწვის. ნერვიულობა იზრდება. შესაძლოა, ადამიანებში ტრადიციულმა სიბრძნებ გაიღვიძა – მათ ურჩევნიათ ნაღდი ფული ბალიშში ჰქონდეთ და არა ბანკში, სადაც შესაძლოა ის აღარასდროს დაუბრუნდეთ”, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც, სხვა წყაროების მსგავსად, WP-სთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

“ზოგიერთი ბანკისთვის ეს ნამდვილად პრობლემაა. ისინი ამას არ ელოდნენ, მთელი ნაღდი ფული სხვაგან დააბანდეს, ახლა კი ადამიანები მოდიან და თვეში ნახევარი ტრილიონი რუბლი გააქვთ”, – თქვა მან.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსანდრა პროკოპენკომ განაცხადა, რომ თანხების გატანა რუსეთის მოსახლეობაში მზარდ შიშს ასახავს.

“ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს აღარ აქვთ ნდობა რუსეთის საბანკო სისტემის ან მთლიანად ფინანსური სისტემის მიმართ. ეს ყველაფერი გამოწვეულია შიშით, რომ მთავრობა ბანკებთან ერთად რაღაცას მოიმოქმედებს, მაგალითად, შესაძლოა მოქალაქეების დეპოზიტების ნაციონალიზაცია მოახდინოს”, – განაცხადა პროკოპენკომ.

მისი თქმით, ასეთი ნაციონალიზაცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა დაამატა რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ბანკიდან თანხის გატანაზე შეზღუდვები დააწესოს.

მიმდინარე წელს რუსეთის საბანკო სისტემიდან უკვე გატანილი თანხის საერთო ოდენობა აღემატება 24.7 მილიარდ დოლარს (2 ტრილიონ რუბლს), რაც აღემატება 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისდროინდელ მონაცემებს.

ომის დაწყებიდან პირველ ორ კვირაში სისტემიდან 23 მილიარდი დოლარი გავიდა. ბანკებს სერიოზული საფრთხე შეექმნათ, რადგან დეპოზიტორები და კომპანიები ანგარიშების დაცარიელებას ცდილობდნენ. საბოლოოდ, მთავრობამ ფულის გადინება მკაცრი კაპიტალის კონტროლის დაწესებითა და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი გაზრდით შეაჩერა.

ახლა მსხვილი კომპანიებიც ცდილობენ თანხები რუსეთის სისტემიდან გაიტანონ, რადგან აქტივების შესაძლო ჩამორთმევის გამო შფოთვა იზრდება. ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ეს რუსეთის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით – წერილები ეტაპობრივად გავრცელდება