გერმანიაში 6 აპრილიდან 9 აგვისტომდე ძლიერი სიცხის ტალღას 14 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მორიგ ყოველკვირეულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 20 აგვისტოს გამოქვეყნდა. წერს DW.
მეცნიერები აფრთხილებენ, რომ ეს შეფასება კონსერვატიულია და სინამდვილეში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს.
ეს დაახლოებით 17 გარდაცვალებას შეადგენს 100 000 მოსახლეზე, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2018 წელს გერმანიაში სიცხის გამო დაახლოებით 8 900 ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე მეტად მაღალი ტემპერატურა 85 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებზე აისახა, ამ ჯგუფში დაახლოებით 7 040 ადამიანი დაიღუპა. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში: 75–84 წელი – დაახლოებით 3 450 გარდაცვალება, 65–74 წელი – დაახლოებით 2 170, 65 წლამდე – დაახლოებით 1 320 გარდაცვალება.
საერთო ჯამში, სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში, თუმცა, ეს იმით არის განპირობებული, რომ ხანდაზმულ მოსახლეობაში ქალების წილი უფრო დიდია.
როგორც მედია წერს, ხშირ შემთხვევაში სიკვდილი გამოწვეულია მაღალი ტემპერატურისა და უკვე არსებული დაავადებების კომბინაციით, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების ან თირკმელების დაავადებების დროს.




