VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით…

“ბათუმი არენაზე” დაძაბული და საინტერესო მატჩი ვნახეთ – გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით, წითელი ბარათით, ზომიერი კინკლაობით…
ბათუმის “დინამომ” მეშვიდე დამატებულ წუთზე იმრანის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვა, სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს და მოუთმენლად დაელოდება “რუსთავისა” და “იბერიას 1999-ის” ორშაბათის მატჩს.
“ტორპედომ” იბრძოლა, მომენტები შექმნა, დაწინაურდა და ბოლო წამებამდე თითქოს ხელში ეჭირა ქულა, მაგრამ იმრანმა ქუთაისელთა იმედებს ხაზი გადაუსვა.
ბათუმელებმა კარგად გამოიყენეს ის უპირატესობა, რასაც მეტოქის კაცნაკლულობა იძლევა, თუმცა თამაში შემოატრიალეს მანამე, ვიდრე “ტორპედო” 10 კაცით დარჩებოდა.
შესანიშნავად ითამაშეს ლაკვეხელიანმა (მარტო მისი დატრიალება მოედნის ცენტრში!), კირკიტაძემ, შეცვლაზე შესულმა ჯაფარიძემ და, რა თქმა უნდა, იმრანმა.
ქუთაისელთა რიგებში ბრწყინვალედ შევიდა დეისაძე, რომელმაც თავური დარტყმით აიღო ბათუმელთა კარი და “ტორპედოს” ბოლომდე მისცა იმედი…
ბათუმის “დინამო” სანაკრებო პაუზის შემდეგ თბილისელ თანაკლუბელებს უმასპინძლებს, ხოლო “ტორპედო” “სპაერს” შეხვდება. ეს იქნება ბოლო, IV წრის პირველი ტურის მატჩები. იწყება გადამწყვეტი ეტაპი…
დინამო (ბთ)-ტორპედო 3:2
0:1 ანდრიჩი (23, მამუჩაშვილის პასით), 1:1 კირკიტაძე (45+2), 2:1 ჯაფარიძე (51, ლაკვეხელიანის პასით), 2:2 დეისაძე (77, პენსონის პასით), 3:2 იმრანი (90+7)
დინამო (ბთ): ყალიჩავა, ტურიცოვი, კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი (ჯაფარიძე 40), მილჩენკო (ფუტკარაძე 74), კირკიტაძე (კალეი 63), იმრანი, წულუკიძე (შენგელია 63), მანდრიჩენკო (მაურიდესი 46)
ტორპედო: გოშაძე, კუპრავა, ლაცაბიძე (ბუკია 74), შიმიჩი, სტამატოვი, ითრაქი, ლომინაძე (პენსონი 46), არაბიძე, მამუჩაშვილი (დეისაძე 74), პირესი (ნადარაია 81), ანდრიჩი (სკორუპი 81)
არბიტრი: ცოტნე სამსონაშვილი
59-ე წუთზე მატეო სტამატოვი (ტორპედო) გააძევეს “ბოლო იმედის” ჯარიმის გამო