გამოცემა The Economist-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ უკრაინასთან ომში მინიმალური მიზნების მიუღწევლობაც კი მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის და ამიტომ კონფლიქტის ესკალაციისკენ იხრება. ინფორმირებული წყაროს თქმით, ომის ერთ-ერთ ეტაპზე პუტინმა თავისი გარემოცვის რამდენიმე წევრს ისიც უთხრა, რომ მარცხის შემთხვევაში მას “ჩამოახრჩობენ”.
გამოცემა კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინისთვის მინიმალური მიზანი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის მთელი რეგიონის დაპყრობაა. The Economist-ის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს რეჟიმის “კრიმინალური ლოგიკით”, არასდროს გამოავლინოს სისუსტე, ვინაიდან რუსეთის მმართველი სისტემა ძალადობას იტანს, ხოლო წარუმატებლობისას დაუნდობელია.
წყაროების თანახმად, ამის გამო პუტინმა ზაფხულში რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ ომის ესკალაცია გადაწყვიტა.
The Economist ასევე წერს, რომ ომის მიმართ რუსეთის საზოგადოების მდუმარე თანხმობა თანდათან ქრება. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სავაჭრო ობიექტებზე უკრაინული დრონების დარტყმებმა, და ასევე ინტერნეტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების ილუზია დაარღვია.
დამოუკიდებელი Levada Centre-ის კვლევით, რუსების 57% ქვეყანაში არსებულ ვითარებას “დაძაბულად” აფასებს. გამოკითხულები მიზეზებად ომს, დაღუპულთა რაოდენობას, მობილიზაციას, დრონების თავდასხმებსა და მომავლის განცდის დაკარგვას ასახელებენ.
გამოცემის თანახმად, უკმაყოფილება კიდევ უფრო ძლიერია რუსეთის ელიტაში. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მთავარი პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა ან სამხედრო წარმატების ნაკლებობა არ არის – თითქმის ხუთწლიანი ომი, შედეგის მიუხედავად, უკვე წარუმატებლობად აღიქმება.
კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ ელიტაში სულ უფრო მეტად ვრცელდება განცდა, რომ “მეფე შიშველია”. მიუხედავად ამისა, The Economist აღნიშნავს, რომ პუტინს ომის გასაგრძელებლად ჯერ კიდევ აქვს ეკონომიკური რესურსები და რეპრესიული აპარატი.




