როგორ ემზადებიან ბალტიის ქვეყნები რუსეთის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად

გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლმა ნატოს ერთიანობის შემოწმების მიზნით, შესაძლოა, უკვე 2026 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტოს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის წინააღმდეგ აგრესია – შესაძლებელია მოქმედებები კიბერშეტევებიდან და დივერსიებიდან მცირე სახმელეთო ოპერაციებამდე.ბრიტანეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი The Telegraph-ში აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, ბალტიის ქვეყნებზე შეტევა წამოიწყოს რუსეთის სტრატეგიული წარუმატებლობების გამო (კერძოდ, სირიასა და შავ ზღვაში), ასევე იმისთვის, რომ შეამოწმოს ნატოს რეაქცია და შეაფასოს შეერთებული შტატების მოქმედებები. რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე საუბრობენ თვით ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებაშიც. „ვიდრე ომი უკრაინაში ისე არ მიდის, როგორც რუსეთს ჰქონდა დაგეგმილი, მათ გამარჯვება არ შეუძლიათ, დღეს კი თვითონ რუსეთში ქუხს აფეთქებები, არის საწვავის დეფიციტი, რუსეთის საზოგადოება უკვე უსვამს კითხვებს კრემლის რეჟიმს, რატომ ხდება ასე და სად არის აღთქმული გამარჯვება? კრემლს, პუტინს სჭირდება ახალი ესკალაცია, რაღაც ახალი გამარჯვება და ბალტიის რეგიონი, პოლონეთი – მოცემულ შემთხვევაში უახლოესი სამიზნეა“, – მიაჩნია ლიეტუვის თავდაცვის მინისტრ რობერტას კაუნასს.თვით რუსეთის ხელისუფლება და პირადად ვლადიმირ პუტინი უარყოფენ რუსეთის რაიმე განზრახვას ნატოსთან პირდაპირი შეტაკების შესახებ.რა ხდება თავად ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრის საფრთხის განხილვის ფონზე? „ნასტოიაშჩეე ვრემია“ და რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ჰყვებიან, თუ როგორ ემზადებიან ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის, როგორ იცვლება მათი არმიები და ნატოს რანაირ დახმარებას ელოდებიან რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები.ესტონეთი. კომერციული სტარტაპები მონაწილეობენ ნატოს სწავლებებშისწორედ ესტონეთის თავდაცვის პოლიტიკის თავისებურებაა ადგილობრივი კერძო ბიზნესის განსაკუთრებით აქტიური მონაწილეობა თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.„ისეთ ქვეყანას, როგორიცაა ესტონეთი, არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვას მხოლოდ სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული რესურსებით შეძლებს. ჩვენთან ასე ამბობენ: „ყველა ბუჩქი ისვრის და თითოეულ ეკალს აქვს მნიშვნელობა“. სწორედ ასეთ მიდგომას ვხედავთ თავდაცვით მრეწველობასთან თანამშრომლობაშიც. განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ჩვენი თავდაცვითი მრეწველობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვხედავთ, რომ მეწარმეებიც აქტიურად ერთვებიან ამ პროცესში და ჩვენთან ერთად ფიქრობენ ამაზე“, – უთხრა ჟურნალისტებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.
მობილური ავტონომიური სათვალთვალო პლატფორმები – ესტონური კომპანია DefSecIntel Solutions-ის პროდუქტია, რომელიც ბოლო ცხრა წელია მუშაობს ბაზარზე. ისინი იტენება მზის ენერგიით და იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აანალიზებს მიღებულ გამოსახულებებს და მთელ ინფორმაციას ერთ ეკრანზე უყრის თავს.„რაც უნდა სამწუხარო იყოს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იმოქმედა ომის [რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის] დაწყებამ. გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით ჩვენი უკრაინელი კოლეგების გვერდით, 2022 წლის შემოდგომიდან მათთან ერთად ვართ წინა ხაზზე. და იქ ჩვენი ტექნოლოგიები გამოიყენება. ამან, რა თქმა უნდა, დიდი ნახტომი მოგვცა“, – ამბობს DefSecIntel Solutions-ის ვიცე-პრეზიდენტი იაან ჰეინი.2022 წლიდან თავდაცვით ტექნოლოგიებში ჩართული კომპანიების რაოდენობა ესტონეთში ათჯერ გაიზარდა, აქ შეიქმნა ასეთი IT-ბიზნესების ასოციაცია.ესტონეთის არმიის სწავლებებზე გამოიყენება სულ ახალგაზრდა სტარტაპის, Wayren-ის ტექნოლოგიები, სადაც სულ 15 ადამიანი მუშაობს. მათ მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას აყენებენ სმარტფონებზე, პლანშეტებსა და სხვა მოწყობილობებზე ბრძოლის ველზე, რათა მონაცემთა გაცვლა გარე ჩარევისგან დაიცვან. გამოიყენება ყველა არხი – რადიოკავშირი, სატელიტური თუ მობილური ქსელები.„ესტონეთი გარკვეული აზრით უნიკალურია: როგორც მცირე ქვეყანა შედარებით მცირე მრეწველობით, ჩვენ სპეციალიზებული ვართ ძალიან მოწინავე ტექნოლოგიებზე. არა იმდენად მსხვილ პლატფორმებზე, როგორებიცაა ტანკები ან ხომალდები, როგორც ამას დიდი ქვეყნები აკეთებენ, არამედ ჭკვიან და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, რომელთა ასეთ სისტემებში ინტეგრირება და ამით უპირატესობის მოპოვებაა შესაძლებელი,“ – ამბობს Wayren-ის თანადამფუძნებელი ჰენრი ჰარმი.სტარტაპის წარმატების მაჩვენებელია თითქმის რვა მილიონი ევროს ინვესტიცია, რომელიც მიიღეს 2025 წელს, და მონაწილეობა ნატოს აქსელერატორის მუშაობაში თავდაცვის სექტორის მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის.„ახლა ჩვენ კონცენტრირებული ვართ ნატოს სხვადასხვა სწავლებაში მონაწილეობაზე და იმაზე, რომ ჩვენი გადაწყვეტა უშუალოდ მომხმარებლებს გადავცეთ და მათგან რაც შეიძლება მეტი უკუკავშირი მივიღოთ, – განმარტავს ჰენრი ჰარმი. – ანუ საქმე ეხება არა მხოლოდ დაფინანსებას, არამედ იმასაც, რომ გადაწყვეტა საბოლოო მომხმარებლის ხელში აღმოჩნდეს. ლაპარაკია ასევე ახალი პარტნიორების ძიებაზე, ერთობლივი მუშაობისა და ჩვენი ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესაძლებლობებზე“.ესტონეთში შემუშავებულ ბევრ ტექნოლოგიას უკვე ტესტავს მებრძოლი უკრაინა, აღნიშნავს ჰანო პევკური:„ჩვენთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვაქვს გააზრებული, რომ ახლა ახალი დამუშავებული პროდუქტის გამოსაცდელად საუკეთესო პოლიგონი უკრაინაა. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს დამყარებული არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე და სამინისტროსთან, არამედ კომპანიებს შორისაც, ასევე ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. და, რა თქმა უნდა, საუბარია არა მხოლოდ გამოცდებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და დახმარება, რათა მათ შეძლონ თავიანთი ქვეყნის, თავიანთი ხალხისა და უკრაინის თავისუფლების დაცვა“.კერძო კომპანიების სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში, ესტონეთში 2025 წლის დასაწყისში შეიქმნა სპეციალური ფონდი სახელწოდებით SmartCap. თუმცა მისი მუშაობის გამოცდილება – ენერგიული კერძო კომპანიებისგან განსხვავებით – არ აღმოჩნდა საუკეთესო მაგალითი. „ესტონეთის მთავრობამ შექმნა ეს თავდაცვის ფონდი და მისკენ მიმართა 100 მილიონი ევრო. მაგრამ ამ მომენტისთვის ამ ფულის უდიდესი ნაწილი უბრალოდ დევს ფონდის ანგარიშებზე, – განაცხადა ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის წევრმა რაიმონდ კალიულაიდმა. – ის ფაქტობრივად ჯერ არ მისულა არც რეალურ კომპანიებამდე და არც სხვა ფონდებამდე და ჯერჯერობით არ მუშაობს, არ ქმნის არანაირ შედეგს”.ადგილობრივ დონეზე ესტონური ბიზნესი ეხმარება „თავდაცვის კავშირს“ (Kaitseliit) – მოხალისეთა სამხედრო ორგანიზაციას – ადგილობრივი სწავლებების დაფინანსებით, მაგალითად, ისეთების, სადაც ამუშავებენ მასობრივ ევაკუაციას და დრონების მართვის სწავლებას.„ვთანამშრომლობთ კერძო ბიზნესთან, მათ შორის დრონების ოპერატორების მომზადებაში. ესტონეთის თავდაცვის კავშირში არის უპილოტო აპარატების საკუთარი ქვედანაყოფი, სადაც ვამზადებთ ოპერატორებს, – ჰყვება ესტონეთის თავდაცვის კავშირის წარმომადგენელი ნეემე ბრუსი. – განსაკუთრებით, ვიტყოდი, ახალგაზრდებს, 20, 30, შეიძლება 40 წლის ადამიანებს”.ლატვია. „მივხვდი, რომ მჭირდება უნარები, რათა დავიცვა როგორც სახელმწიფო, ისე ოჯახი“2026 წელს ლატვიაში აღნიშნავენ „ზემესარძეს“ იუბილეს – ხალხური თვითდაცვის ორგანიზაციისა, რომელიც 35 წლის წინ შეიქმნა. „ზემესარძე“ ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც „მიწის დაცვა“ ან „ტერიტორიული თავდაცვა“. ეს ლატვიის არმიის ნაწილია, ფორმირება, რომელში გაწევრიანებაც შეიძლება მოხალისეობრივად და სამსახურის გავლა – სამუშაოდან თავისუფალ დროს, დასვენების დღეებში.
ევიტა კლიავა „ზემესარძეში“ ქმრის კვალდაკვალ გაწევრიანდა. ამ გადაწყვეტილებაში უკანასკნელი როლი არ უთამაშია 2022 წლის მოვლენებს:„გავწევრიანდი უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის შემდეგ. ეს არ ყოფილა ასეთი სპონტანური გადაწყვეტილება, ეს იყო გააზრებული ნაბიჯი. ვინაიდან ახალგაზრდობაში უკვე ვფიქრობდი „ზემესარძეზე“. მაგრამ მაშინ შვილები შეგვეძინა. ერთი, მეორე, მესამე – და მივხვდი, რომ ამის შეთავსება არ შემეძლო. ახლა კი ბავშვები წამოიზარდნენ, მეტი თავისუფალი დრო მაქვს, რომელიც შემიძლია სერიოზულად დავუთმო „ზემესარძეს“.პარასკევ საღამოს ევიტა ემზადება, რათა მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებით სამხედრო სწავლებაში „ზემესარძეს პატრული“. ალაგებს ზურგჩანთას, ამოწმებს ეკიპირებას, ისვამს შემნიღბავ გრიმს. წინ არის ათობით კილომეტრი ფეხით, ტაქტიკური დავალებები, მინიმალური ძილი. ევიტა „პატრულში“ პირველად მონაწილეობს.მინიმუმი, რაც „ზემესარძეში“ უნდა იმსახურო, წელიწადში 21 დღეა. ევიტას შარშან 46 დღე ჰქონდა ნამსახურები, წელს კი – უკვე 30-ზე მეტი.„ზემესარძეს“ დაარსების შესახებ კანონი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღეს 1991 წელს ლატვიის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღდგენის შემდეგ, ჰყვება რაიმონდს გრაუბე, გენერალი და ლატვიის არმიის ყოფილი სარდალი. 1991 წელს ის იყო „ბარიკადების“ მონაწილე, როცა ლატვიის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დაბრუნებას.შემდგომში რაიმონდს გრაუბე გახდა „ზემესარძეს“ მეთაური, შემდეგ კი – ეროვნული შეიარაღებული ძალებისა მთლიანობაში. 90-იანი წლების დასაწყისში „ზემესარძეს“ რიცხოვნობა სწრაფად იზრდებოდა, იხსენებს გენერალი – ქვეყანაში „უსაფრთხოების ვაკუუმი“ იყო. საბჭოთა არმიამ ლატვია საბოლოოდ მხოლოდ 1994 წელს დატოვა.მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე ლატვიის არმია მულტინაციონალური იყო, აღნიშნავს გრაუბე:„მაგალითად გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ექვსი ჯარისკაცი. მათგან ორი – ლატვიის მოქალაქეა რუსულენოვანი ოჯახებიდან. ანუ ერთი მესამედი. საუბარია 2006 წლის შემდგომ პერიოდზე – მისიებში ერაყსა და ავღანეთში. თავდაცვა ხომ არ ნიშნავს ეროვნებას. ეს არის გარემო, რომელშიც შენ გინდა ცხოვრება. სადაც, შესაძლოა, შენი წინაპრები ცხოვრობდნენ.“პროგრამა „ნასტოიაშჩეე ვრემია. ბალტიას“ გუნდშიც არის ერთი ზემესარგი, ტერიტორიული დამცველი – ნიკიტა. ის „ზემესარძეში“ 2022 წელს გაწევრიანდა.„თებერვლის იმ დილას გავიღვიძე, ტელევიზიაში ვმუშაობდი, ტელეფონი ავიღე ხელში და ცოლს ვუთხარი: უკრაინაში ომი დაიწყო. მანამდე არ ვფიქრობდი „ზემესარძეზე“. კინოში თუ მქონდა ნანახი. მაგრამ როდესაც შეჭრა დაიწყო, მივხვდი, რომ თუ ეს უეცრად ევროპაზე გადავიდოდა, რაიმე უნარები უნდა შემეძინა, რათა მქონოდა შესაძლებლობა დამეცვა როგორც სახელმწიფო, ისე ოჯახი“, – იხსენებს ნიკიტა.ნიკიტა ამბობს, რომ წლების განმავლობაში ზოგიერთი კარგავს მოტივაციას, იღლება უქმე დღეებში სამსახურით. ამასთან, ლატვიაში ზამესარგების რაოდენობა ზრდას განაგრძობს. დღეს ეს დაახლოებით 10 ათასი ადამიანია.აი, როგორ ამბობს თვითონ ნიკიტა თავის მოტივაციაზე, იმსახუროს „ზემესარძეში“ და მოემზადოს ქვეყნის დასაცავად: „მე სრულად აღვიქვამ ჩემს თავს ლატვიის მოქალაქედ. მე დავიბადე ლატვიაში. მთელი ცხოვრება ლატვიაში ვიცხოვრე. მიყვარს ჩემი ქვეყანა და წასვლასაც არ ვაპირებ. აქ იზრდებიან ჩემი შვილები. აქ ვქმნი ოჯახს. და ჩემს მომავალსაც ლატვიას ვუკავშირებ“. ნიკიტას მშობლიური ენა რუსულია, თუმცა სხვა მოხალისეებთან ურთიერთობისა და ერთობლივი მუშაობისთვის არანაირი ბარიერი არ არსებობს: „ჩვენ ყველანი ლატვიურად ვლაპარაკობთ. მაშინაც კი, თუ მესმის, რომ ადამიანისთვის, შესაძლოა, რუსულია მშობლიური, მაინც ლატვიურად ვლაპარაკობთ“.ლატვიის მცხოვრებთა მოტივაცია, დაიცვან ქვეყანა გარედან შეჭრის საფრთხის შემთხვევაში, ეჭვს არ იწვევს, ამბობს პარლამენტის დეპუტატი, ლატვიის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი იგორ რაევი. თუმცა, მისი აზრით, თავდაცვის სისტემა, როგორც ასეთი, ლატვიაში კვლავაც სრულად არ შეესაბამება სწრაფად ცვალებად სამყაროს:„თუ შევხედავთ სიტუაციას უკრაინაში, იმას, თუ როგორ მოქმედებენ ისინი – ეს უბრალოდ კოლოსალური პროგრესია. ტექნოლოგიები, განვითარება. ამ გაგებით, თუ ისინი უკვე „ფერარით“ დადიან, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გვიპოვია ჩვენი „ზაპოროჟეცის“ გასაღები. მაგრამ შეუძლიათ თუ არა ტერიტორიულ დამცველებს ჩაიდინონ ის, რაც ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადებმა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად აკავებდნენ მოწინააღმდეგის შეჭრას კიევში? პასუხია – დიახ”.
ლიეტუვა. სამხედრო პოლიგონი სუვალკის დერეფანშილიეტუვაში ჯერ კიდევ 2026 წლის გაზაფხულზე მიიღეს კანონი სუვალკის დერეფნის რაიონში სამხედრო პოლიგონის მშენებლობის შესახებ – პოლონეთ-ლიეტუვის საზღვართან მდებარე მონაკვეთზე, რომელიც ბალტიისპირეთს ნატოს სხვა მოკავშირეებთან აკავშირებს. მის გავლით ბელარუსიდან რუსეთის კალინინგრადის ოლქამდე მანძილი ყველაზე ვიწრო ადგილზე პირდაპირი ხაზით 65 კილომეტრია.პოლონეთმა და ლიეტუვამ ამ მონაკვეთზე გააფართოვეს ტრასა Via Baltica მოკავშირეთა ძალების მასობრივი გადაადგილებისთვის, ასევე გეგმავენ სამხედრო მობილობის მოთხოვნებს შეუსაბამონ დამატებითი საავტომობილო მარშრუტი ბელოსტოკი – ვილნიუსი, რათა განტვირთონ ძირითადი მარშრუტი.ანალიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ პოტენციური ომის შემთხვევაში რუსეთის არმია შეეცდება დერეფნის ხელში ჩაგდებას, რამაც შესაძლოა დაარღვიოს ბალტიის ქვეყნების მთელი სახმელეთო მომარაგება. თუმცა, ნატოს ესმის ამ მონაკვეთის მნიშვნელობა, დერეფნის გვერდით პოლონეთში განთავსებულია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი, ხოლო დერეფნის ჩრდილოეთით იშლება გერმანიის 45-ე ჯავშანსატანკო ბრიგადა.ლიეტუვის სოფელ კაპჩიამესტისის რაიონში კი, ბელარუსის საზღვრიდან შვიდ კილომეტრში, სადაც ამავე სახელწოდების პოლიგონი უნდა გაჩნდეს, უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები.დაგეგმილია, რომ ობიექტი 14 ათას ჰექტარზე მეტს დაიკავებს. იქ ვარჯიშს შეძლებს ოთხ ათასამდე ლიეტუველი სამხედრო და მოკავშირე ნატოს სხვა ქვეყნებიდან.„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კითხვებს პოლიგონის შექმნის შესახებ ასე უპასუხეს ეროვნული თავდაცვის სამინისტროში: „სამხედრო პოლიგონი „კაპჩიამესტისი“ შეიქმნა 2026 წლის აპრილში. ის აუცილებელია ლიეტუვის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისა და 2030 წლისთვის ეროვნული დივიზიის ფორმირებისთვის. პოლიგონზე ერთდროულად შეძლებენ სწავლებების ჩატარებას 3500-დან 4000-მდე სამხედრო მოსამსახურისგან (ბრიგადის დონე) შემდგარი ძალები. ამ ობიექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ლიეტუვის სამხრეთ ნაწილისა და სუვალკის დერეფნის თავდაცვისთვის“.რუსეთის კალინინგრადის ოლქთან საზღვრისა და სუვალკის დერეფნის კონტროლის გარდა, კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბელარუსის საზღვარზე არსებულ გამშვებ პუნქტებს. ლიეტუვა უკვე არაერთხელ წააწყდა პროვოკაციებს მინსკის მხრიდან: არალეგალური მიგრაციის ორგანიზებასა და ბელარუსიდან ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდას ვილნიუსში ჰიბრიდული ომის ელემენტებს უწოდებენ. ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი რუსტამ ლუბაევი ასე საუბრობს სუვალკის დერეფნის დაუცველობაზე:„სასაზღვრო კონტროლისა და საზღვრის დაცვის თვალსაზრისით, ეს ასევე ძალიან რთული მონაკვეთია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბელარუსის საზღვარს. თქვენ, სავარაუდოდ, იცით, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი გამოიყენებოდა ჰიბრიდული შეტევისთვის 2021 წელს, როდესაც ლუკაშენკომ მიგრაციის გამოყენება დაიწყო თავისი მიზნებისთვის. ჯერ ლიეტუვაში, შემდეგ პოლონეთში, ხოლო შემდეგ ლატვიაში. ამ რაიონში, ე.წ. სუვალკის დერეფანში, ასევე შეინიშნება ბევრი დანაშაული. შესაძლოა, ეს პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების პერსპექტივებთან. ვგულისხმობ, პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული შესაძლო სამხედრო აგრესიასთან. თუმცა ეს რეგიონი ძალიან მგრძნობიარეა საზღვრების მართვის თვალსაზრისით.“ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისი მოუწოდებს სეიმის დეპუტატებს, შეათანხმონ 2030 წლის შემდეგ თავდაცვის დაფინანსება მშპ-ის 5-6%-ზე მეტ დონეზე. 2026 წელს თავდაცვისთვის ოფიციალური ვილნიუსი გეგმავს გამოყოს დაახლოებით 4,8 მილიარდი ევრო – ეს სწორედ დაახლოებით 5,4%-ია. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლებამ 12 აგვისტოს მხარი დაუჭირა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წინადადებებს ბელარუსსა და რუსეთთან საზღვრებზე თავდაცვის გაძლიერების შესახებ: სასაზღვრო გადასასვლელებზე გამოჩნდება ათეულობით მეტრის სიგანის თხრილები და დამატებითი საინჟინრო ნაგებობები სამხედრო ტექნიკის გადაადგილების დასაბრკოლებლად. ასევე 2030 წლამდე ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს საზღვრების გასწვრივ ჭაობების აღდგენას პოტენციური შეტევის შესაჩერებლად.ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ვალდას ტუტკუსი მიიჩნევს, რომ კრემლი არ დაიწყებს კონფლიქტს ნატოსთან და არ გახსნის დამატებით ფრონტს, რადგან უკრაინაში ომი რუსეთს ძვირი უჯდება. გარდა ამისა, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლიც არსებობს:„მე ყოველთვის ვუყენებდი ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამოცანას, ყოფილიყვნენ მზად [აგრესიის] მოსაგერიებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ნატოს წევრები ვართ, და აქ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც იწვევს ბევრ დისკუსიას, – მომიტევეთ და მიმაჩნია, რომ ფუჭ დისკუსიას, – არის ის, იმუშავებს თუ არა მეხუთე მუხლი. ეს ყავის ნალექზე მკითხაობაა. ალიანსის არსი იმაშია, რომ ეს მუხლი არსებობს“.
„ნატო ახლა გადასინჯავს ძველ დაგეგმარებას“. ბალტიის ქვეყნები და ალიანსის დახმარებაგერმანულმა გაზეთმა Bild-მა აგვისტოს შუა რიცხვებში დაწერა, რომ ბალტიის ქვეყნებზე შესაძლო შეტევის მოგერიების გეგმა ნატომ უკვე მოამზადა. გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ალიანსს განზრახული აქვს შემტევი ჯარების შეჩერება დრონების მეშვეობით, ასევე დარტყმის მიყენება რუსეთის ტერიტორიაზე, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს რუსული სარაკეტო სისტემები, მაგალითად, კალინინგრადის ოლქში. ამისთვის სურთ გამოიყენონ ალიანსის გამანადგურებლები, რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. Bild ასევე ამტკიცებს, რომ კონცეფციის შემუშავებაში წამყვანი როლი ითამაშა აშშ-ის არმიის მაიორმა და რომ ნატოს სამხედროებს არ სურთ, მათი გეგმები საიდუმლოდ დარჩეს. პირიქით: მათი თვალსაზრისით, შეკავება იმუშავებს მხოლოდ მაშინ, როდესაც პუტინს ეცოდინება, რას უნდა ელოდოს.ალიანსის პრესსამსახურში „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ აცნობეს, რომ ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს Bild-ისთვის კომენტარები არ მიუციათ ამ პუბლიკაციისთვის და რომ ნატოს რეგიონული თავდაცვის გეგმები მკაცრად გასაიდუმლოებული რჩება. ხოლო აშშ-ის თავდაცვის უწყებაში დააზუსტეს, რომ ასეთ გეგმებზე მუშაობენ მთელი გუნდები და არა ერთი მაიორი და რომ ნებისმიერი მსგავსი დეტალი – ეს სპეკულაციაა.ბრიუსელელმა ანალიტიკოსმა, Brussels Freedom Hub-ის დამფუძნებელმა როლანდ ფროიდენშტაინმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გაუზიარა თავისი დაკვირვებები იმის შესახებ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის პოზიციაში „რამდენიმე პრინციპული ცვლილება“ მოხდა ნატოზე რუსეთის თავდასხმაზე რეაქციასთან დაკავშირებით.„სულ მცირე, ნატოს ზოგიერთი სტრუქტურა ახლა გადასინჯავს ძველ დაგეგმვას – დაწყებული დაზვერვისა და რეკოგნოსცირების გაუმჯობესებიდან, დამთავრებული ნატოს იმ ჯარების დაუყოვნებლივი გამოყენებით, რომლებიც ახლა განთავსებულნი არიან ბალტიის ქვეყნებში. და – ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია – ძალების [გამოყენებით], რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, ე.წ. შემდგომი დამხმარე ძალებისა”.ნატოს პრინციპების თანახმად, ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის, როგორც ორგანიზაციის, ძალების გამოყენება მოითხოვს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღებისთვის ფიქსირებული ვადები არ არსებობს, მაგრამ საბჭო დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიონ, ხოლო რეგიონის თავდაცვის სამხედრო გეგმები და მათი რეალიზაციისთვის აუცილებელი ძალები წინასწარაა განსაზღვრული. ნატოს ქვეყნებს, თუმცა, არ მოეთხოვებათ, რომ დაელოდონ ყველა წევრის კოლექტიურ გადაწყვეტილებას, რათა აღმოუჩინონ დახმარება დამოუკიდებლად ან უფრო ვიწრო კოალიციების შემადგენლობაში.ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი გაერთიანებული საექსპედიციო ძალები (JEF), სადაც დიდ ბრიტანეთთან ერთად შედიან ბალტიის სამივე ქვეყანა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნიდერლანდი, ნორვეგია და შვედეთი. JEF იყენებს კონკრეტულ ოპერაციაში ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპს და შეუძლია რეაგირება მოახდინოს კრიზისზე მთელი ნატოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ან მის პარალელურად.ნატოს ძალების მოდელი ვარაუდობს, რომ სამხედრო კონფლიქტის პირველი 10 დღის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე მზად იქნება იმ ქვეყანაში გადასასროლად, რომელსაც თავს დაესხნენ, 200 ათასზე მეტი – 30 დღეში და 500 ათასზე მეტი – ნახევარ წელიწადში. გარდა ამისა, 2024 წელს ნატოში გამოჩნდა მოკავშირეთა რეაგირების ძალები – ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ჯარების 40-ათასიანი დაჯგუფება, რომელიც განკუთვნილია სწრაფი გაშლისთვის კრიზისის ან კონფლიქტის შემთხვევაში. საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო ძალებზე, არამედ მხარდაჭერაზე ზღვიდან და ჰაერიდან. რა დროს წაიღებს მათი გადასროლა რეალობაში, უცნობია, თუმცა გერმანიის შეიარაღებული ძალების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სქემაზე მითითებულია, რომ სწრაფი რეაგირების მოკავშირეთა ძალები მზად უნდა იყვნენ ამოცანის შესასრულებლად შეტყობინების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში.