Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია

იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების მოძებნას ითხოვს.
ე.წ. რიყის დოქების არქიტექტორული კომპანიის განცხადებას გამოცემა Dezeen ავრცელებს.
Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი სტუდია არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განეხილა ალტერნატიული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ გამორჩეული შენობის შენარჩუნებისა და ახალი ფუნქციით გამოყენების შესაძლებლობას შექმნიდა, რითაც თავიდან ავიცილებდით, ჩვენი აზრით, ნაადრევ და შეუქცევად დემონტაჟს. სამწუხაროდ, ამ წინადადებებს არანაირი პასუხი არ მოჰყოლია. საერთაშორისო აღიარებისა და არაერთი ჯილდოს მქონე არქიტექტურული ნამუშევრის დაკარგვა მნიშვნელოვან კულტურულ დანაკარგს წარმოადგენს“ ,— აცხადებს სტუდია.
ის ხაზს უსვამს, რომ შენობა საზოგადოებრივი სახსრებით აშენდა, ხოლო მისი დემონტაჟი დამატებით საჯარო ხარჯებს მოითხოვს, ნაცვლად იმისა, რომ ხელახალი გამოყენებისა და აღდგენის პოტენციალი შეფასდეს.
„დემონტაჟი ნიშნავს, რომ თბილისი დაკარგავს უნიკალურ კულტურულ ობიექტს — კლასიკური მუსიკის საკონცერტო დარბაზსა და თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან სივრცეს, რომელსაც სრულყოფილი რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში კვლავ შეეძლო მომავალი თაობებისთვის ემსახურა“, — ნათქვამია განცხადებაში.
სტუდიამ გააკრიტიკა როგორც შენობის დანგრევის გადაწყვეტილება, ისე ქალაქის ხელისუფლებისა და ამჟამინდელი მფლობელების მხრიდან დიალოგის სრული არარსებობა.
„სამოც წელზე მეტი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Studio Fuksas-ს საკუთარი პროექტის დანგრევის ფაქტის წინაშე უწევს დადგომა ისე, რომ არც ერთხელ არ მიუწვევიათ შესაძლო ალტერნატივების განსახილველად. არც საჯარო ხელისუფლებას და არც სხვა დაინტერესებულ მხარეებს არ დაუწყიათ ჩვენთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, პროცესში ჩავრთულიყავით. Studio Fuksas მტკიცედ ეწინააღმდეგება როგორც შენობის დემონტაჟს, ისე მისი მომავლის შესახებ ღია დიალოგის არარსებობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
Studio Fuksas, რომელიც არქიტექტორებმა მასიმილიანო და დორიანა ფუკსასებმა დააარსეს, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ბიუროა. სტუდიის ბოლო პროექტებს შორისაა მონაკოს სანაპიროზე შექმნილი „ვერტიკალური პარკი“.
თბილისში ფუკსასის არქიტექტურის ნიმუშებია რიყის დოქები და იუსტიციის სახლი.