POLITICO – უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისგან დაფინანსებას მიიღებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვას გააგრძელებენ

უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისგან დაფინანსებას მაშინაც კი მიიღებს, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი დაპირებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვას გააგრძელებენ, – ინფორმაციას POLITICO ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ბრიუსელში სამიტზე შეიკრიბებიან და შეეცდებიან, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო, სესხის დამტკიცების შესახებ უკრაინისთვის მიცემული დაპირების შესრულებაში დაარწმუნონ.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ თუ ორბანი და ფიცო უკან არ დაიხევენ, ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ გეგმა, რომ უკრაინას წლის პირველი ნახევრისთვის საკმარისი თანხა მისცენ.

POLITICO-ს წყარომ განუცხადა, რომ მიმდინარეობს განხილვა 30 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით და რადგან ეს ორმხრივი სესხები იქნება, დასამტკიცებლად ევროკავშირის თანხმობა საჭირო არ იქნება.

გარდა ამისა, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა ელკო ჰაინენმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა კიევისთვის ორმხრივი დახმარების სახით 2029 წლამდე წელიწადში 3.5 მილიარდი ევროს გამოყოფას უზრუნველყოფს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთთან მსგავსი სახის სირთულეებს ვაწყდებით. ჩვენ ამ სესხს, ამა თუ იმ გზით, მაინც გავცემთ“, – განაცხადა ევროკომისარმა ეკონიმიკის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა.

„უკრაინისთვის ინდივიდუალური დაფინანსების გამოყოფის იდეა ჯერ კიდევ დეკემბრის სამიტამდე განიხილებოდა, სადაც ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი ევროკავშირის ერთიანი სესხის გაცემაზე შეთანხმდა. ინდივიდუალური სესხების ვარიანტი იმ დროს არასასიამოვნოდ მიიჩნევდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ძირს უთხრიდა ევროკავშირის სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ბლოკში ღრმა განხეთქილებებს ავლენდა. მაგრამ თუ ორბანი უარს იტყვის წინააღდეგობის შეწყვეტაზე, ეს, შეიძლება, წინსვლის ერთადერთი გზა იყოს“, – წერს POLITICO.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია