ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI-ს დასკვნით, პროკურატურამ პოლიტიკოსს საქმე „შეუკერა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, პროკურატურა ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილისთვის ტერორიზმის ბრალდების წაყენებას მხოლოდ პოლიციის ძაღლის სუნის ამოცნობის დასკვნით ცდილობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ელისაშვილი ევროსაბჭოს კრიტერიუმებით პოლიტიკური პატიმარია.

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – ამის შესახებ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.
TI- ის ცნობით, გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახლებულ საქმეში ბრალდების მხარეს არ გააჩნია არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება. საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები პირის იდენტიფიცირებისთვის სრულიად უვარგისია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი 6 თვის გასვლის შემდეგაც არ არსებობს.
ერთადერთი საყრდენი რის საფუძველზეც სახელმწიფო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტულ მიზნებს სდებს ბრალად არის ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო”- აღნიშნავს ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურიდიული შეფასებით ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით.
ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
TI-ის ანალიზი სრულად ნახეთ აქ: https://bit.ly/4dzuLHR
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.