13 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე თითქმის განახევრდა, რატომ არ გაიზარდა დასაქმება იმავე ტემპით?
2012-2025 წლებში უმუშევრობის დონე თითქმის განახევრდა (26.7%-დან 13.9%-მდე), თუმცა დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 14.6%-ით გაიზარდა. BMG-ის ანალიზით, უმუშევრობის კლებაში არსებითი წვლილი სამუშაო ძალის შემცირებასა და ქვეყნის დატოვებას მიუძღვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით: „2012 წელს უმუშევრობა დაახლოებით ორჯერ მეტი იყო დღევანდელთან შედარებით“.
BMG -მ გააანალიზა რამდენად შემცირდა „ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში უმუშევრობის დონე ქვეყანაში და როგორი იყო უმუშევრობის კლების დინამიკა.
ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალის) შეფარდებით. სამუშაო ძალა დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობაა.
საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელსაც სამუშაო არ აქვს და არც ეძებს მას (გამოკითხვის მომენტამდე ბოლო 4 კვირის განმავლობაში), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ ითვლება. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში უმუშევრობის დონე ტექნიკურად შეიძლება შემცირდეს სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე. ამიტომ ქვეყანაში უმუშევრობის დონის სწორად შესაფასებლად საჭიროა სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებლების ანალიზიც.
2012-2025 - ზოგადი სურათი
2025 წელს უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა და წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა. 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა, უმუშევრობის დონე 26.7%-ს იყო. ამრიგად, 13-წლიან პერიოდში უმუშევრობის დონე ჯამში 12.8 პროცენტული პუნქტით, ანუ 1.9-ჯერ შემცირდა.
„ქართული ოცნების’’ მმართველობის გრძელვადიან პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები საერთო ჯამში გაუმჯობესდა, თუმცა უმუშევრობის დონის შემცირებასთან შედარებით ნაკლებად. ეს იმით აიხსნება, რომ უმუშევრობის შემცირებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმების ზრდამა, ასევე სამუშაო ძალის კლებამ.
2012 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 117.5 ათასით გაიზარდა (14.6%-ით). ამავე პერიოდში სამუშაო ძალა, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 41 ათასით შემცირდა (2.5%-ით) შემცირდა.
2025 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით დასაქმების დონე 7.3 პროცენტული პუნქტით, 46.9%-მდე გაიზარდა. ამაზე გავლენა იქონია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ და ასევე, 15+ მოსახლეობის შემცირებამ.
ამრიგად, 2012 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე 1.9-ჯერ შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი მხოლოდ 14.6%-ით გაიზარდა, რადგან უმუშევრობის კლებაში სამუშაო ძალის შემცირებასაც მიუძღვის წვლილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა ან ქვეყანა დატოვა, რომლებიც ქვეყანაში უმუშევართა რიგებს დააკლდნენ.
ჩვენ ასევე გავაანალიზეთ ტენდენცია, თუ როგორ იცვლებოდა ქვეყანაში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გასული 13 წლის განმავლობაში. ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პირველ წლებში, 2014-2015 წლებში, სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა იზრდებოდა, ხოლო უმუშევრობის დონე მცირდებოდა. თუმცა ეს სურათი მომდევნო წლებში შეიცვალა.
გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები 2012-2025 წლებში
წყარო: საქსტატი
2016-2019- უმუშევრობის კლება დასაქმების ზრდის გარეშე
2016–2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით შემცირდა. იმავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობაც 12.6 ათასით შემცირდა, თუმცა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 21.9%-დან 17.6%-მდე შემცირდა.
2020-2021- პანდემია
2020–2021 წლებში ქვეყანაში დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ ხანგრძლივ ეკონომიკურ შეზღუდვებს უკავშირდება. უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით (17.6%-დან 20.6%-მდე) გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობა 78.5 ათასით შემცირდა, უმუშევართა რაოდენობა კი 39.3 ათასით გაიზარდა. ამავე პერიოდში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 39.2 ათასით შემცირდა. სწორედ სამუშაო ძალის შემცირების გამო უმუშევრობა იმაზე ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე დასაქმება შემცირდა.
2022-2024 - აღდგენისა და ზრდის პერიოდი
2022-2024 წლებში სამუშაო ძალის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 6.7 პროცენტული პუნქტით, 20.6%-დან 13.9%-მდე შემცირდა. დასაქმებულთა რაოდენობა 185 ათასით (15.2%-ით) გაიზარდა და 1402.5 ათასს მიაღწია. 2016–2019 წლებისგან განსხვავებით, უმუშევრობის კლება ამჯერად დასაქმების ზრდას უკავშირდებოდა და არა სამუშაო ძალის შემცირებას. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 95.9 ათასით გაიზარდა, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 50.9%-დან 54.8%-მდე, დასაქმების დონე კი 40.4%-დან 47.1%-მდე გაიზარდა.
2022-2024 წლებში უმუშევრობის შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. პირველ რიგში, პანდემიის დასრულებისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას პანდემიის დროს დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა მოყვა. გარდა ამისა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანამდევი პროცესია. გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია. პროგრამა 2022 წლის გაზაფხულიდან 2026 წლამდე მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და სოციალურად დაუცველი შრომისუნარიან პირებს საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას ითვალისწინებდა.
2025 - სტაგნაცია
2025 წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და დასაქმების დონე მცირედით შემცირდა, უმუშევრობის დონე კი იმავე ნიშნულზე დარჩა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს უმუშევრობის დონემ, წინა წლის მსგავსად, 13.9% შეადგინა. შრომის ბაზარზე აქტიური მოსახლეობა დაახლოებით 15.8 ათასი (1%-ით), ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 54.8%-დან 54.5%-მდე შემცირდა.
დასაქმებულთა რაოდენობა 12.8 ათასით (0.9%-ით) შემცირდა და 1389.7 ათასი შეადგინა. დასაქმების კლების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია არასახელმწიფო სექტორში -24.7 ათასი. სახელმწიფო სექტორში კი პირიქით, დასაქმებულთა რაოდენობა 11.9 ათასით გაიზარდა. სწორედ სახელმწიფო სექტორის ზრდამ შეამცირა დასაქმებულთა საერთო კლება.
შესაბამისად, პანდემიის შემდგომ პერიოდში, 2022–2024 წლებში, უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების დადებითი დინამიკა 2025 წელს შეჩერდა.
სამუშაო ბაზრის გაუმჯობესების ტენდენცია მიმდინარე წელსაც არ შეინიშნება. 2026 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, 14.3%-დან 13.8%-მდე შემცირდა. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო სამუშაო ძალა 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, სწორედ ამას უკავშირდება უმუშევრობის დონის კლება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ BMG-ს სტატია.
ამრიგად, 2012-2025 წლებში საქართველოში უმუშევრობის დონე 26.7%-დან 13.9%-მდე შემცირდა, თუმცა ეს ცვლილება დასაქმების ანალოგიური მასშტაბით ზრდას არ ნიშნავს. ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 14.6%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც უმუშევრობის დონე თითქმის ორჯერ შემცირდა. განსხვავება ნაწილობრივ სამუშაო ძალის შემცირებით აიხსნება, უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებელი დამოკიდებულია არა მხოლოდ დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობაზე, არამედ იმაზეც, რამდენი ადამიანი მონაწილეობს შრომის ბაზარზე.
შრომის ბაზრის დინამიკა პერიოდების მიხედვით განსხვავებული იყო: 2016–2019 წლებში უმუშევრობის დონე სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე იკლებდა და დასაქმების ზრდას არ ახლდა თან, პანდემიის პერიოდში კი დასაქმება მკვეთრად შემცირდა. 2022-2024 წლებში მდგომარეობა გაუმჯობესდა: გაიზარდა სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა, შესაბამისად შემცირდა უმუშევრობაც. თუმცა 2025 წელს ეს დადებითი ტენდენცია შეჩერდა, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, უმუშევრობის დონე კი უცვლელი დარჩა. 2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირებას კვლავ სამუშაო ძალის კლება ახლდა თან, დასაქმებულთა რაოდენობა კი არ გაზრდილა.
ციტატები სტატიიდან
„2012 წელს უმუშევრობა დაახლოებით ორჯერ მეტი იყო დღევანდელთან შედარებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.