ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა რეალურად 2-ჯერ გაიზარდა და არა - 4-ჯერ

ქართული ოცნება

სტატიაში განხილულია 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ავტორი განმარტავს განსხვავებას ნომინალურ და რეალურ მშპ-ს შორის და მიუთითებს, რომ ინფლაციის გამორიცხვით ეკონომიკა რეალურად დაახლოებით ორჯერ და არა ოთხჯერ გაიზარდა, მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული მაღალი ნომინალური მაჩვენებლებისა.

2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა რეალურად 2-ჯერ გაიზარდა და არა - 4-ჯერ
2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა რეალურად 2-ჯერ გაიზარდა და არა - 4-ჯერBM.GE

მმართველობის 14 წლისთავზე "ქართული ოცნება" ეკონომიკურ ზრდას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,2012 წლამდე ეკონომიკური კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა, მაშინდელი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე...”.

ეს შეფასება ეკონომიკის ნომინალურ მაჩვენებელს ეფუძნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკის რეალური მოცულობაც ოთხჯერ გაიზარდა. ნომინალური მშპ მიმდინარე ფასებში ეკონომიკის ღირებულებას ასახავს და მასში ინფლაციის გავლენაც შედის. შესაბამისად, ხანგრძლივ პერიოდში ნომინალური მაჩვენებლების პირდაპირი შედარება ეკონომიკის რეალური ზრდის სრულ სურათს ვერ გვაძლევს.

იმის დასადგენად, რამდენად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკის რეალური მოცულობა, საჭიროა ფასების ცვლილების გავლენის გამორიცხვა და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის შეფასება.

რამდენად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა რეალურად?

ეკონომიკის რეალური ზრდის შესაფასებლად ნომინალური მშპ-დან ფასების ცვლილების ეფექტი უნდა გამოვრიცხოთ. ნომინალური მშპ გვიჩვენებს, რა ღირებულების საქონელი და მომსახურება იწარმოება ქვეყანაში კონკრეტულ წელს, ამავე წლის მიმდინარე ფასებში. ამიტომ მისი ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც წარმოების მოცულობის გაზრდით, ისე ფასების მატებით. რეალური მშპ კი წარმოების მოცულობის ცვლილებას ფასების გავლენის გარეშე ასახავს.

საქსტატის მონაცემებით, ნომინალური მშპ 2012 წელს 27.9 მლრდ ლარს შეადგენდა, 2025 წლის წინასწარი მონაცემით კი 104.6 მლრდ ლარს. ეს დაახლოებით 3.75-ჯერ მეტია, ანუ პრემიერის შეფასება ნომინალურ მაჩვენებლებს მართლაც ემთხვევა. თუმცა ამ ზრდის დიდი ნაწილი ფასების მატებაა: რეალური მოცულობა მხოლოდ დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა.

2012 წლის შემდეგ ეკონომიკის რეალური ზრდის შესაფასებლად ორი მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ.

პირველი მეთოდი ეფუძნება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ რეალური მშპ-ის წლიური ზრდის მაჩვენებლებს. წლიური ზრდის მაჩვენებლების უბრალოდ შეკრება არ შეიძლება, რადგან ყოველი წლის ზრდა წინა წლის უკვე გაზრდილ მაჩვენებელს მოიცავს. ამიტომ ზრდის ტემპები ერთმანეთზე უნდა გამრავლდეს. მაგალითად, თუ სამი წლის განმავლობაში ყოველწლიური ზრდა 5% იყო, 1.05 სამჯერ უნდა გავამრავლოთ საკუთარ თავზე (1.05 x 1.05 x 1.05 = 1.158. ეს ნიშნავს, რომ სამ წელიწადში ეკონომიკა 15.8%-ით გაიზარდა და არა 15%-ით, როგორც შეკრებით გამოვიდოდა (5 + 5 + 5).

2012-2025 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ჯამში დაახლოებით 101%-ით გაიზარდა, ანუ 2012 წლის დონესთან შედარებით დაახლოებით 2.01-ჯერ გაიზარდა.

გრაფიკი 1: მშპ-ს რეალური ზრდა 2013-2025 წლებში

წყარო: საქსტატი

მეორე მეთოდი მშპ-ის მუდმივ ფასებში შედარებაა. დროთა განმავლობაში ფასები, როგორც წესი, იზრდება და ერთი და იგივე თანხით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენა შეიძლება. ამიტომ მიმდინარე ფასებში გამოთვლილი მშპ-ის შედარება რეალურ ზრდას ვერ გვიჩვენებს. საქსტატი მშპ-ს 2019 წლის ფასებში ითვლის, ამიტომ 2012 და 2025 წლის მაჩვენებლები ფასების ერთსა და იმავე დონეზეა შეფასებული და ინფლაციის გავლენა გამორიცხულია. 2019 წელს ნომინალური და რეალური მშპ ერთმანეთს ემთხვევა, 2012 წელს ფასები უფრო დაბალი იყო, ამიტომ იმ წლის მშპ 2019 წლის ფასებში უფრო დიდი გამოდის, 2025 წელს ფასები უფრო მაღალია, ამიტომ იმავე გაანგარიშებით მშპ უფრო მცირეა.

საქსტატის გამოთვლებით, მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ (2019 წლის) ფასებში 2012 წელს 36.2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2025 წელს კი, წინასწარი მონაცემით, 72.7 მლრდ ლარს. შეფარდება დაახლოებით 2.01-ია, ანუ 13 წელიწადში საქართველოს ეკონომიკის რეალური მოცულობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა.

გრაფიკი2: მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ და რეალურ ფასებში (2012-2025 წლებში)

წყარო: საქსტატი

ამრიგად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა რეალურად დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და არა 4-ჯერ, როგორც ეს ნომინალური მაჩვენებლების შედარებით ჩანს. ნომინალური მშპ 2025 წლის წინასწარი მონაცემით 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 3,75-ჯერ მეტია, თუმცა ამ ზრდის დიდი ნაწილი ფასების მატებას უკავშირდება. ფასების გავლენის გამორიცხვის შემდეგ ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 2,01-ჯერ გაიზარდა. ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში მშპ საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 5,6%-ით იზრდებოდა. ეს მაჩვენებელი მაღალია და ეკონომიკის რეალურ გაფართოებაზე მიუთითებს, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.