"ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ - დაიბარებენ თუ არა პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროში
„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობას სიძულვილის ენის წახალისებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ. ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, საელჩოს მიერ ორგანიზებული კონცერტები მმართველი გუნდის მხარდამჭერთა შეურაცხყოფას ემსახურება.

სიძულვილის ენის წახალისება, ვენის კონვენციის დარღვევა, დიპლომატიური ჩარჩოების უგულებელყოფა, ქართველ ხალხსა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმა - სწორედ ამას ემსახურებოდა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, რამდენიმე დღის წინ კახეთში გამართული ღონისძიება. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, სცენა იმ მუსიკალურ ჯგუფს დაეთმო, რომელიც შალვა პაპუაშვილის თქმით, მისი შემოქმედებით შეურაცხყოფას აყენებს "ქართულ ოცნებასა" და მილიონზე მეტ მის მხარდამჭერს. პაველ ჰერჩინსკის მხრიდან უკვე მეორედ ასეთი მუსიკოსების მხარდაჭერა სპიკერისთვის დიპლომატის პოლიტიკურ მიზნებზე მიანიშნებს.
ვენის კონვენციის დარღვევის ბრალდებით, პაველ ჰერჩინკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბოლოს 27 აპრილს დაიბარეს. ამის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ ქალაქ გორში დაგეგმილი ღონისძიება მაინც დააფინანსა, სადაც მთავარი შემსრულებელი ალექსანდრე კორძაია უნდა ყოფილიყო. რატომ ახალისებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სიძულვილის ენას? - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, კითხვას დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ უპასუხა.
დიპლომატს არადიპლომატიურ ქმედებებში ადანაშაულებს მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძის განცხადებით ევროკავშირის წარმომადგენლობა დემონსტრაციულად ახალისებს ძალადობას და შეურაცხმყოფელი ფორმით თავს ესხმის ქართული ოცნების ასიათასობით მხარდამჭერს.
ოპოზიციისთვის პაველ ჰერჩინსკი, არც დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდება და, არც სიძულვილის ენას ახალისებს. ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის წარმომადგენლობის კრიტიკას ზოგადი პასუხებით გაურბიან.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი უკვე აღარც მალავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს და ცდილობს საზოგადოებაც მმართველი გუნდის წინააღმდეგ განაწყოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ჰერჩინსკი უკვე არა დიპლომატი, არამედ პოლიტიკური აქტორია.
დაიბარებენ თუ არა ბრალდებების ადრესატ პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროში? - გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მაკა ბოჭორიშვილმა უნდა მიიღოს.
ავტორი: ნანა გოგატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.