ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება ექნება - კანონპროექტი

საქართველოს ეროვნული ბანკიქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, კანონში „ციფრული ფულის“ ცნება მკვიდრდება, რაც ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვებისა და ემისიის უფლებას ანიჭებს, თუმცა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად მისი გამოყენება იკრძალება.

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება ექნება - კანონპროექტი
ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება ექნება - კანონპროექტიBM.GE

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შედის ცვლილებები, რომლებიც ციფრული ლარის გამოშვებისა და მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კანონში მკვიდრდება "ციფრული ფულის" ცნება და ზუსტდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები:

კანონის მე-2 მუხლში შეტანილი ცვლილებით, ფულის ნიშნებად განისაზღვრება ეროვნული ბანკისა და უცხო სახელმწიფოს შესაბამისი დაწესებულებების მიერ გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები, მათ შორის ციფრული ფორმით.

ასევე, მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, დაამზადოს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გაუშვას ლარის ბანკნოტები, მონეტები და მათი ციფრული ვერსია. ამასთან, ეროვნული ბანკი იქნება ლარის ციფრული ვერსიის საავტორო უფლებების მფლობელიც.

მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ციფრული ლარი იქნება ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით.

განმარტებით ბარათში წერია ისიც, რომ ეროვნული ბანკი უშუალოდ გააკონტროლებს როგორც ნაღდი, ისე ციფრული ფულის მარაგს და დაადგენს მისი ემისიის გეგმას.

კანონით პირდაპირ იკრძალება ციფრული ლარის ემისია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ეროვნული ბანკი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად სწავლობს ციფრულ ფულთან დაკავშირებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მოწინავე ტექნოლოგიებს.

საკანონმდებლო ცვლილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რათა ეროვნულმა ბანკმა, ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, განახორციელოს სხვადასხვა საპილოტე პროექტი.

„იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მომავალშიც ჰქონდეს უფლება, უფრო აქტიურად განახორციელოს ცალკეული პროექტები, აუცილებელია ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს საფინანსო სისტემის უკეთ პოზიციონირებას რეგიონში, ფინანსური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის მიხედვით, ციფრული ვალუტის კვლევასა და შემუშავებას სჭირდება კვლევითი მომსახურების შესყიდვა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ეროვნული ბანკის ხარჯვით ნაწილზე. თუმცა კონკრეტულად რა თანხა იქნება საჭირო, განმარტებით ბარათში არ არის აღნიშნული. კანონპროექტში წერია მხოლოდ ის, რომ აუცილებელი მიმდინარე ხარჯები (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის ასიგნებებიდან

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია. ინიციატორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

შეგახსენებთ,ეროვნული ბანკი ციფრული ლარის სატესტო პროექტზე ძირითადად 2021-2024 წლებში მუშაობდა. თუმცა 2025 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ "ციფრული ლარის" პროექტით ეროვნულმა ბანკმა დააგროვა გამოცდილება მსგავსი პროექტის მართვის მიმართულებით. თუმცა ებანოიძემ თქვა, რომ ამჟამად [გასული წლის მდგომარეობით] ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ფულის შემოტანის ინიციატივების მიმართ გლობალურად ინტერესი შემცირებულია.

კითხვაზე დაინერგება თუ არა აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოში, ვარლამ ებანოიძე პასუხობს, რომ ის შესაძლოა აღარ დაინერგოს. bm.ge ცენტრალურ ბანკს მიმართავს კითხვით, რა შეიცვალა და რატომ დადგა დღის წესრიგში თავიდან ციფრული ლარის გამოშვების საკითხი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მომავალშიც ჰქონდეს უფლება, უფრო აქტიურად განახორციელოს ცალკეული პროექტები, აუცილებელია ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს საფინანსო სისტემის უკეთ პოზიციონირებას რეგიონში, ფინანსური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?