ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ციფრული ვალუტის შემოღებისგან ჯერ შორს არის და სებ-ი მხოლოდ ტესტურ მუშაობას დაიწყებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა, რის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა.
პროექტის თანახმად, "ფულის ნიშნებისა" და "ემისიის" ცნებები ფართოვდება და მათში აისახება ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვება. ასევე განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ციფრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, საქართველო ციფრული ვალუტის შემოღებისგან ჯერ შორს არის. მისი თქმით, ეს ჯერჯერობით ბანკებს, მოსახლეობასა და საწარმოებს არ შეეხება, მაგრამ ეროვნულ ბანკს ექნება საშუალება, ყველა ის საჭირო პროგრამა და ინფრასტრუქტურული საშუალება შეიძინოს, რომ ციფრული ლარის გამოშვება შეძლოს.
"ციფრული ვალუტა მსოფლიოში ძალიან სწრაფო ტემპით ვითარდება. ჩვენ მისი შემოღებისგან, გინდ ტექნოლოგიურად, გინდ სხვა კუთხით შორს ვართ, მაგრამ ვიწყებთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში ტესტური მუშაობა დაიწყოს. ჩინეთში ციფრული ვალუტა უკვე მუშაობაშია. ინდოეთში მუშაობაშია. ჩვენს სამეზობლოში - რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი უკვე სამუშაო პროცესშია. უკრაინა მუშაობს და ჩვენზე წინ დგას. რაც შეეხება მთავარს - ევროკავშირს, ევროკავშირში, რომლის მაგალითის აღებაც ჩვენ გვაინტერესებს, სამი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ციფრულ ვალუტაზე 2030 წლამდე გადავიდნენ. 2026 წლიდან ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობა ციფრული ვალუტით ხდება, 2030 წლამდე საბითუმოზე გადავლენ, საცალოზე და 2030 წელს ეს სრულად შევა ძალაში", - თქვა კვიჟინაძემ.
ასევე კანონპროექტით დეტალურად გაიწერა ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ეროვნული ბანკის საბჭო 1 თვის განმავლობაში ვერ ახერხებს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების ვალდებულების დაკისრებას. ცვლილების თანახმად, მოვალეობას შეასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უფრო ადრე გახდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
კანონპროექტით იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და განისაზღვრება შესაბამის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა. საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად მოიწვიოს დარგის ექსპერტი და განსაზღვროს მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურება. გარდა ამისა, განისაზღვრება ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და დგინდება, რომ გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას.
ციტატები სტატიიდან
„ციფრული ვალუტა მსოფლიოში ძალიან სწრაფო ტემპით ვითარდება. ჩვენ მისი შემოღებისგან, გინდ ტექნოლოგიურად, გინდ სხვა კუთხით შორს ვართ, მაგრამ ვიწყებთ იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში ტესტური მუშაობა დაიწყოს. ჩინეთში ციფრული ვალუტა უკვე მუშაობაშია. ინდოეთში მუშაობაშია. ჩვენს სამეზობლოში - რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი უკვე სამუშაო პროცესშია. უკრაინა მუშაობს და ჩვენზე წინ დგას. რაც შეეხება მთავარს - ევროკავშირს, ევროკავშირში, რომლის მაგალითის აღებაც ჩვენ გვაინტერესებს, სამი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ციფრულ ვალუტაზე 2030 წლამდე გადავიდნენ. 2026 წლიდან ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობა ციფრული ვალუტით ხდება, 2030 წლამდე საბითუმოზე გადავლენ, საცალოზე და 2030 წელს ეს სრულად შევა ძალაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.