ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა ყველაზე დიდი სია დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 1569 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ დიდი სასანქციო სია დაამტკიცა. კაია კალასის განცხადებით, შეზღუდვების ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვს ეხება.

ევროკავშირი შეთანხმდა უკრაინაში ომის დაწყებიდან ყველაზე ვრცელ სასანქციო სიაზე, რომელიც მიმართულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის თითქმის 1600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ.
კერძოდ, საბჭომ მიიღო დამატებითი შემზღუდავი ზომები რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსის 1569 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ. შეთანხმებული სია მოიცავს 826 რუსულ კომპანიას და ამ კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მყოფ 743 ფიზიკურ პირს.
„დღეს ევროკავშირმა მიიღო სანქციების ყველაზე დიდი სია 2022 წლის შემდეგ. სანქცირებულთა ნახევარზე მეტი ეხება იმ ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვს, რომლებსაც რუსეთი ყოველდღიურად იყენებს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად. კიევის ხიდების, მარცვლეულის გადამზიდავი გემებისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაბომბვა არ არის მშვიდობის მაძიებელი ქვეყნის ქმედებები. ახლა მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების კი არა, მისი გაზრდის დროა“, — განაცხადა
კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ევროკავშირის თანახმად, დღევანდელი პაკეტი კონკრეტულად მიმართულია საშუალო რგოლის მიმწოდებლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული სამხედრო ინდუსტრიის „ბირთვს“ წარმოადგენენ, გამოიმუშავებენ მინიმუმ 20 მილიარდი ევროს წლიურ ბრუნვას და ასაქმებენ 250 000-ზე მეტ ადამიანს. სიაში შეყვანილი კომპანიები არიან საკვანძო კომპონენტების მიმწოდებლები რუსეთის ზოგიერთი ყველაზე მოწინავე შეიარაღების სისტემისთვის, მათ შორის რაკეტებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის (დრონებისთვის) და თვითმფრინავებისთვის. ასეთი საკვანძო კომპონენტები მოიცავს: ელექტრონიკას, მათ შორის ნახევარგამტარებს, მიკროსქემებსა და კომპიუტერებს; საკომუნიკაციო აღჭურვილობას, მათ შორის რადარებს, ანტენებსა და გადამცემებს; საავიაციო, სატელიტურ და სარაკეტო სისტემებს; ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალას, ასევე ოპტიკისა და ნავიგაციის სისტემებს.
დღევანდელი სია დამტკიცდა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემლახავი ან მისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებების წინააღმდეგ. ამ სასანქციო რეჟიმით სიაში შეყვანილ პირებს ეყინებათ აქტივები და იკრძალება მათთვის ან მათი ინტერესებისთვის (სასარგებლოდ) პირდაპირ თუ ირიბად სახსრებისა ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. გარდა ამისა, სიაში შეყვანილ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვა. ეს არის სანქცირებულთა ყველაზე დიდი ერთიანი პაკეტი, რომელზეც ევროკავშირი ოდესმე შეთანხმებულა. ამით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქცირებულთა საერთო რაოდენობა თითქმის 4 600-მდე იზრდება.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„დღეს ევროკავშირმა მიიღო სანქციების ყველაზე დიდი სია 2022 წლის შემდეგ. სანქცირებულთა ნახევარზე მეტი ეხება იმ ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვს, რომლებსაც რუსეთი ყოველდღიურად იყენებს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად. კიევის ხიდების, მარცვლეულის გადამზიდავი გემებისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაბომბვა არ არის მშვიდობის მაძიებელი ქვეყნის ქმედებები. ახლა მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების კი არა, მისი გაზრდის დროა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.