ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაქოში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე 37 ადამიანი დააკავეს

აზერბაიჯანის შსს-ს ცნობით, ბაქოში 37 ადამიანი დააკავეს სკოლებში ჩაცმულობის ახალი წესების შემოღების ფონზე მომხდარი ინციდენტების შემდეგ, რაც მოსწავლეებისთვის ჰიჯაბის შესაძლო აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტს უკავშირდება.

ბაქოში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე 37 ადამიანი დააკავეს
ბაქოში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე 37 ადამიანი დააკავესნეტგაზეთი

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში 37 ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც სკოლებში ჩაცმულობის ერთიანი წესების შემოღებასთან დაკავშირებით ინციდენტები მოხდა.

უწყების ცნობით, მოქალაქეთა ჯგუფმა სკოლებში განათლების სფეროს თანამშრომლებთან კონფლიქტი შექმნა, დააზიანა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები და სცადა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ტრანსპორტის მოძრაობისა და სკოლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა. საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ მიმართული ქმედებების ორგანიზებას ან მათში აქტიურ მონაწილეობას ეხება.

სამინისტროს განცხადებაში ჰიჯაბის წინააღმდეგ პროტესტი პირდაპირ ნახსენები არ არის. თუმცა, ბაქოს სკოლებში ჰიჯაბთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში ვრცელდებოდა.

ბაქოს გარეუბანში, ბალახანის დასახლებაში, სკოლის მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებში ჩაცმულობის წესების გამკაცრებას აპროტესტებენ. ამასთან, აზერბაიჯანელმა პატიმარმა ჟურნალისტმა პოლად ასლანოვმა, გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ ჰიჯაბიანი მოსწავლეები სკოლებში არ შეუშვეს, შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში მოსწავლეები სკოლის შენობასთან დგანან პლაკატით „ჰიჯაბი განათლებისთვის დაბრკოლება არ არის!“ და მოითხოვენ, გოგონებს გაკვეთილებზე დასწრების უფლება მისცენ.

რა შეიცვალა სკოლებში ჩაცმულობის წესებში

აზერბაიჯანის მთავრობამ სექტემბერში სახელმწიფო სკოლების მოსწავლეთა გარეგნობის მარეგულირებელ წესებში ცვლილებები შეიტანა. ახალი მოთხოვნებით, მოსწავლეებს ეკრძალებათ ისეთი ტანსაცმლის ელემენტების ტარება, რომლებიც სკოლის ფორმის ერთიან სტანდარტს არღვევს ან განათლების სეკულარულ ხასიათს არ შეესაბამება.

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატის, ჯეიჰუნ მამედოვის განმარტებით, რეფორმის მიზანია, სკოლებში რელიგიური, ეთნიკური და სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებების სრულად აღმოფხვრა.

ოფიციალურ განცხადებაში ჰიჯაბი პირდაპირ ნახსენები არ არის. თუმცა, მორწმუნეთა უფლებების დამცველის, არზუ აბდულას შეფასებით, სწორედ ჰიჯაბი იგულისხმება ტანსაცმელში, რომელიც „განათლების სეკულარულ ხასიათს არ შეესაბამება“.

ჰიჯაბიანი მოსწავლეების გაკვეთილებზე არდაშვების შესახებ ცნობები არა მხოლოდ ბალახანიდან, არამედ აზერბაიჯანის სხვა რეგიონებიდანაც გავრცელდა. გამოცემა Meydan TV-ის ცნობით, მსგავსი ჩივილები ჯალილაბადის რაიონიდანაც მიიღეს. მშობლებისა და მოსწავლეების თქმით, სკოლის ადმინისტრაციები მათ თავსაბურავის მოხსნას სთხოვენ.

9 ოქტომბერს ბაქოს განათლების სამმართველომ სახელმწიფო სკოლებში ჩაცმულობის წესების დაცვის შემოწმების დაწყება დააანონსა. უწყების განმარტებით, წესების შესრულების უზრუნველყოფა სკოლის ადმინისტრაციის კომპეტენციაა, ხოლო მოსწავლეების მიერ დადგენილი ფორმით გაკვეთილებზე დასწრებაზე პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ.

თუმცა, სამმართველოს განცხადებაში არ უხსენებიათ ჩივილები ჰიჯაბიანი მოსწავლეების გაკვეთილებზე არდაშვების შესახებ და არც ის განუმარტავთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი განათლების უფლება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩაცმულობის წესებს არ იცავენ.

6 ოქტომბერს აზერბაიჯანის მთავრობამ მასწავლებელთა გარეგნობის მოთხოვნებიც დაამტკიცა. ახალი წესებით, პედაგოგებმა უნდა დაიცვან საქმიანი ჩაცმულობის სტილი, რომელიც განათლების სეკულარულ ხასიათს შეესაბამება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?