ჰიჯაბის აკრძალვა თურქეთ-აზერბაიჯანის უთანხმოების მიზეზი გახდა
აზერბაიჯანის საჯარო სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვამ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის საჯარო დავა გამოიწვია: ბაქომ თურქეთის 31 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, თურქი პოლიტიკოსების კრიტიკას კი აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „პოპულისტური და უპასუხისმგებლო“ უწოდა.

აზერბაიჯანის საჯარო სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვამ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის საჯარო უთანხმოება გამოიწვია. თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ბაქოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ კი მათ „პოპულისტური და უპასუხისმგებლო“ განცხადებები უწოდა. საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული ანალიზების თანახმად, დავამ შესაძლოა ორ მოკავშირეს შორის საზოგადოებრივ დონეზე ნდობაზეც იმოქმედოს.
რა შეიცვალა აზერბაიჯანის სკოლებში
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა სკოლის ფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები 21 სექტემბერს დაამტკიცა. წესებში პირდაპირ არ არის ნახსენები ჰიჯაბი, თუმცა აკრძალულია ისეთი დამატებითი სამოსი, რომელიც სკოლის ფორმის მოთხოვნებს ან საერო განათლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ცვლილებების ამგვარი განმარტების შედეგად, ჰიჯაბით მისულ მოსწავლეებს ზოგიერთ სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების უფლება არ მისცეს.
მშობლებმა ბაქოსა და სხვა ქალაქებში განაცხადეს, რომ სკოლების ადმინისტრაციებმა მათ შვილებს თავსაბურავის მოხსნა მოსთხოვეს ან სკოლაში არ შეუშვეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ახალი წესების წინააღმდეგ გამოსვლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავეს.
მომხდარს გამოეხმაურნენ თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) წარმომადგენლები. გამოცემა The National-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველმა ოქტაი სარალმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰიჯაბის ტარების გამო მოსწავლეებისთვის განათლების მიღებაში ხელის შეშლა მიუღებელია და აზერბაიჯანს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. მსგავსი პოზიცია გამოხატეს AKP-ის დეპუტატებმაც.
მოგვიანებით აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ, „ახალი აზერბაიჯანის პარტიამ“ (YAP), თურქი პოლიტიკოსების განცხადებები გააკრიტიკა. თურქული Euronews-ის ცნობით, პარტიამ მათ „პოპულისტური და უპასუხისმგებლო“ უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საერო სახელმწიფო მოწყობისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არ უნდა იქცეს. პარტიის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ორ ქვეყანას შორის ხელოვნური დაძაბულობის შექმნას უწყობს ხელს.
როგორ აისახა დავა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე
გამოცემა The National-თან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა საბირ ასკეროღლუმ თქვა, რომ უთანხმოებამ შესაძლოა თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს, თუმცა უფრო მოსალოდნელია საზოგადოებრივ დონეზე ნდობის შემცირება, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობების სერიოზული გაუარესება. მისი შეფასებით, მთავარი რისკი არა თავად უთანხმოება, არამედ საპასუხო ბრალდებებია, რომლებმაც დროთა განმავლობაში ორ საზოგადოებას შორის ნდობა შეიძლება შეასუსტოს.
თუმცა, გამოცემა Eurasianet-ის 22 ოქტომბრის ანალიზის მიხედვით, დაპირისპირება მხოლოდ საჯარო განცხადებების გაცვლით არ შემოიფარგლა. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აეკრძალა თურქეთის 31 მოქალაქეს, მათ შორის ჟურნალისტებს, მკვლევრებს, სასულიერო პირებსა და ერთ დეპუტატს – ჰიჯაბის საკითხთან დაკავშირებული მათი საქმიანობის გამო.
Eurasianet-ის ცნობითვე, 19 ოქტომბერს აზერბაიჯანმა თურქეთში მცხოვრები შვიდი ჟურნალისტის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. აზერბაიჯანული მხარე მათ სოციალურ ქსელებში კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებასა და რელიგიური რადიკალიზმის საფუძველზე შუღლის გაღვივებას ედავება.
21 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. აზერბაიჯანული გამოცემა Report.az-ის ცნობით, ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული და გლობალური საკითხების შესახებ ისაუბრეს; ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის ძმური ურთიერთობები წარმატებით გაგრძელდება. ოფიციალურ ცნობაში ჰიჯაბის საკითხი ნახსენები არ ყოფილა.
Eurasianet-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ბაქოში მომუშავე რეგიონულმა ანალიტიკოსმა ფაიგ მაჰმუდოვმა აღნიშნა, რომ ერდოღანისა და ალიევის სატელეფონო საუბარი უთანხმოების მოგვარებას თავისთავად არ ნიშნავს. მისი შეფასებით, საუბარმა აჩვენა, რომ ორ ქვეყანას დროებით უთანხმოებებსა და პოლიტიკურად მგრძნობიარე საჯარო დებატებზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები აკავშირებს. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, გასარკვევია, გადაიზრდება თუ არა ეს საერთო ინტერესები დაძაბულობის თავიდან აცილებისთვის უფრო ეფექტიან დიპლომატიურ ნაბიჯებში.
სომხურ მედიასთან საუბარში, სომეხი თურქოლოგი რუბენ მელქონიანი კი მიიჩნევს, რომ ჰიჯაბის საკითხმა ორ ქვეყანას შორის უფრო ღრმა პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებები გამოავლინა.
მისი შეფასებით, თურქეთისთვის ჰიჯაბი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლოა, რადგან ერდოღანის პოლიტიკური მოძრაობა წლების განმავლობაში თავსაფრის ტარების უფლებისთვის იბრძოდა. აზერბაიჯანში კი ხელისუფლება შესაძლოა რელიგიის მზარდ გავლენას უფრთხოდეს.
მელქონიანი უთანხმოებას ორ ქვეყანას შორის ძალთა ბალანსის საკითხსაც უკავშირებს: თურქეთი აზერბაიჯანს ტრადიციულად უმცროს პარტნიორად განიხილავდა, ბაქო კი სულ უფრო მეტად ცდილობს, თანასწორ სახელმწიფოდ წარმოჩნდეს და დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი გაატაროს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…