რუსული ემბარგო ივანიშვილის ძმას არ შეეხო
რუსეთმა 7 ქართულ კომპანიას, მათ შორის „ნაბეღლავსა“ და „თბილღვინოს“ იმპორტი აუკრძალა, თუმცა ემბარგო არ შეეხო დუგლაძეების კომპანიას, რომლის მეწილე ბიძინა ივანიშვილის ძმის ოჯახია; „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხს იკვლევენ.

რუსეთში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილეს ექსპორტიორს, დუგლაძეების კომპანიას, რომლის მფლობელებიც "ოცნების" ერთ-ერთი წევრი, ზაალ დუგლაძე და ასევე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახია, რუსული ემბარგო არ შეეხო.
"პირველები" დაინტერესდა, რატომ დაადო რუსეთმა ემბარგო 7 კომპანიას, რომელთა შორისაც "ნაბეღლავიც" არის და რა მიზეზით არ მოხვდა დუგლაძეების კომპანია ასაკრძალ კომპანიათა სიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველაფერს იკვლევენ და ჯერ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ.
ჩვენი შესაბამისი სამსახურები აქტიურ კომუნიკაციაში არიან ამ კომპანიის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება. მაგ კომპანიების გარდა ( დუგლაძეების კომპანიის), რომლებიც ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას და რატომ გამოყავით ეს კონკრეტულად?, - ამბობს კახა კალაძე.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსული ემბარგოს მიზეზები მისთვის გაურკვეველია. მისი თქმით, ქართულმა ბიზნესმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ბაზარზე იმუშავებს და რუსეთთან ვაჭრობაზე უარის თქმის მოთხოვნას აკრიტიკებს.
გასაკვირია, საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, აგერკვევა ამ საკითხში. ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორც საქართველო, ბევრი რამეა რისკის წარმომშობი. არა მხოლოდ რუსეთში ვაჭრობა, არამედ ევროკავშირში ვაჭრობაც თავის რისკებს შეიცავს, აგერ, სანქციებს ითხოვენ და ა.შ. ვხედავდით მუქარას მათ შორის ყულევის პორტთან დაკავშირებით. ასე რომ, რისკები ყველა ბაზარზეა. სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა. არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი თქვით რუსულ ბაზარზე. თქვენ, რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია, ეს ზღაპარი, რომელსაც, ცდილობდნენ, რომ მიეყიდათ პატარა ქვეყნებისთვის, საქართველო თავის დროზე კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ზღაპარი, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
"პირველები" ასევე დაუკავშირდა „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორს ზურა მარგველაშვილს, რომლიც კომპანიაც ერთ-ერთია, რომელმაც რუსეთმა ემბარგო დაადო. მარგველაშვილი აცხადებს, რომ ემბარგოს მიზეზების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და საკითხის გარკვევას კომპანიის წარმომადგენლების მეშვეობით ცდილობს.
არ გვაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე იყო და ვცდილობთ, რომ დავაზუსტოთ. "ქართულ ოცნებასთან" არ გვქონია (კომუნიკაცია), ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით გავარკვიოთ ეს საკითხები, მეტი სიზუსტე არ გვაქვს, - ამბობს ზურა მარგველაშვილი.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მხრიდან სანქციები გაგრძელდეს.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.
აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს:
„თელიანი ველი“;
„თბილღვინო“;
„ძმები ასკანელები“;
„ვაინმენი“;
„ქართული ლუდის კომპანია“;
„კოკა-კოლა“;
„ნაბეღლავი“.
დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“
მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.