ერ-რიადში აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 300-ზე მეტი
ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იერიშს „ომის დანაშაული“ უწოდა, პასუხისმგებლობა იემენელ ჰუსიტებს დააკისრა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის ოთხი და ბანგლადეშის ორი მოქალაქეა, ასევე მათ შორის არიან აშშ-ის, იორდანიის, პალესტინის, სირიის, სუდანისა და ეგვიპტის მოქალაქეები.
დაშავებულები საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებაში განაცხადეს.
თავდასხმა საუდის არაბეთში 2015 წლის შემდეგ ყველაზე მსხვერპლიანი იერიში იყო, ის წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა. საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელ სისტემას განგაში არ გამოუცხადებია. თავდასხმის შემდეგ ერ რიადიდან ყველა ავიარეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს, აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერებულია.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ პირობა დადო, რომ უპასუხებს თავდასხმას, რომელსაც მან "ომის დანაშაული" უწოდა და, რომელშიც იემენელი ჰუსიტები დაადანაშაულა.
ჰუსიტებს თავდასხმაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა მანამდე პასუხისმგებლობა აიღეს იმავე აეროპორტზე ხუთშაბათს განხორციელებულ დარტყმებზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და თვითმფრინავი დაზიანდა.
ჰუსიტების მტკიცებით, ისინი საუდის არაბეთს იმის გამო ესხმიან თავს, რომ სამეფო იემენში განახლებულ სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს იემენის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის შეტევით ოპერაციას, რომლის მიზანიც ჰუსიტებისგან ტერიტორიების დაბრუნებაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.