,, შენ იცი, რაც გააკეთე და პასუხს აგებ იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინე” – ანი ნადარეიშვილი სუს-ის ახალ შეფს
ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, სუს-ის ახალ უფროსს, თამაზ ბორაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მასთან და მის მეუღლესთან დაკავშირებით ძალადობა და მუქარა განხორციელდა. ნადარეიშვილის თქმით, 2025 წლის 25 დეკემბერს ისინი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ბორაშვილი მათ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა.

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სუს-ის ახალ უფროსზე:
,,2025 წლის 25 დეკემბერს ჩემს სახლში სუს-ის თანამშრომლები და ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები შემოვარდნენ. სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დამაკავეს ჯერ მე, ჩემი არასრულწლოვანი შვილის და ოჯახის თვალწინ, შემდეგ კი ჩემი მეუღლე – ბაჩო ახალაია.
სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ ჩემს მეუღლეს პირდაპირ ეუბნებოდნენ: “თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” – ეს ამ ადამიანის
– თამაზ ბორაშვილის სიტყვებია, რომელიც 2 დღის წინ ივანიშვილმა სუს-ის უფროსად დანიშნა.
მივმართავ ბორაშვილს: მე კარგად მახსოვს შენი სახე, როდესაც ბაჩოს თავზე ედექი და მე ხელბორკილით ჩამატარეთ მის თვალწინ სუს-ის შენობაში. შენ იცი, რაც გააკეთე და პასუხს აგებ იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინე, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.