იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ციხის უფროსის გადადგომას და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ მას შემდეგ, რაც პატიმარმა ბადრაგები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით - შოთა ტრაპაიძე ჯალათია, მხარდაჭერა გიორგი დავითაძეს და ა.შ.
აქციის მონაწილეები ციხის უფროსის გადადგომას ითხოვენ. გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ მას საქართველოში სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს და აპირებს ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში ბადრაგი სექსუალურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე ათამდე ბადრაგმა იძალადა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
ამის შემდეგ პატიმრის ოჯახმა საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა მოითხოვა - ასევე იმ ბადრაგის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში პატიმარმა ამხილა.
მომხდარს დიდი პროტესტი მოჰყვა, როგორც დავითაძის ოჯახის და მოქალაქეების მხრიდან, ისე პატიმრებშიც. რამდენიმე პატიმარმა დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატების მიერ ციხიდან გამოტანილი ინფომაციის თანახმად, პატიმრების პროტესტს ბადრაგების მხრიდან სადამსჯელო ოპერაცია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი.
თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.