მთავარი კითხვაა - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?! შეიძლება, ვიღაცისთვის ადგილს ათავისუფლებენ|რომან გოცირიძე
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ ეს საბჭოში ადგილის გამოთავისუფლებას ან პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდებოდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეროვნულ ბანკში ვიღაცისთვის საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება სურდეთ.
ასე გამოეხმაურა ის სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას.
“მთავარი კითხვაა - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?!” - კითხვას სვამს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
რომან გოცირიძის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს უჩივლა ფულის გათეთრების გამო ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმებულმა კრიპტოკომპანია “ბიტექსჩეინჯმა" - ნანა ყეინიშვილი მისი ოჯახის წევრების მეშვეობით ბიზნესითაა დაკავებული, რაც ინტერესთა კონფლიქტიაო.
სულ ფეხებზე არ ჰკიდია რომელიღაც კრიპტობირჟას მოხელის მიერ კანონის დარღვევა, მით უმეტეს თავად კანონდამრღვევს?! ახლა ყველა დაიწყებს ამ კრიპტოკომპანიის საქმიანობის შესწავლას, მის მიერ ფულის გათეთრების ფაქტების ამოქექვას. უნდოდა კი, ასეთი საჯარო ცნობადობა, როცა იყო თავისთვის და ეწეოდა კრიპტოთი კანონიერ თუ უკანონო ვაჭრობას? მაშ, რა მოხდა? ალბათ ის, რომ ჩაავლეს ყურებში ხელი და კიდევ უფრო მძიმე დარღვევების გამოვლენის მუქარით (რაც არ იქნება გასაკვირი კრიპტოთი ვაჭრობის პირობებში), აიძულეს ყეინიშვილი დაებეზღებინათ.
აქ მთავარი კითხვა ჩნდება - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა? შეიძლება, არც არავის - ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის. ისე, იმასაც ამბობენ ბოროტი ენები, რომ მას მთლად გულზე არ ეხატებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობაო. თანაც სალომე ზურაბიშვილის წარდგენილი კადრი შესაძლოა პოლიტიკურად არასაიმედოდაც მიაჩნია-ეროვნული ბანის შიდა ამბებში ჩახედვა ბევრს არ გაუხარდება, რა თქმა უნდა. “ოცნებაში” მიმდინარე შიდა რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ნდობის დაკარგვას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის საბჭოს რიგითი წევრის პოსტი არის ბუტაფორია. მათ არავინ არაფერს ეკითხება და არ არის ისეთი თანამდებობა, რომ რაიმე გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. აქაც, როგორც ჩანს, შერჩევითი სამართლის პრინციპი მოქმედებს, თორემ რამდენი სახელმწიფო მაღალმოხელეა, რომლის ოჯახის წევრებიც ბიზნესწილებს ფლობენ.
და ბოლოს - ნანა ყეინიშვილს იმუნიტეტი იცავს: ვერც გადააყენებენ და პარლამენტის ნებართვის გარეშე ვერც იმუნიტეტს მოუხსნიან. პარლამენტში მის მიერ წამოწეული საკითხის განხილვაღა აკლდა ამ მომჩივან „ბიტექსჩეინჯს“, - წერს ყოფილი დეპუტატი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.