AXIOS: უიტკოფი და კუშნერი დღეს მაიამიში ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაიამიში უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და ჩიხიდან გამოსვლის ახალი წინადადებები წარადგინონ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს მაიამიში უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შეხვდებიან და რუსეთ-უკრაინის ომში არსებული ჩიხიდან გამოსვლის მიზნით ახალ იდეებსა და წინადადებებს წარუდგენენ. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ დიპლომატიური გარღვევის მიღწევას აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე და უკრაინაში მკაცრი ზამთრის დადგომამდე შეძლებს.
ერთ-ერთი განსახილველი წინადადება ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის გადაზიდვებზე თავდასხმების შეჩერებას გულისხმობს. უკრაინას უკვე ნათქვამი აქვს, რომ ამ ნაბიჯისთვის მზად არის, თუმცა რუსეთი ამ დრომდე მსგავსი შეთანხმების მიმართ ნაკლებ მზაობას ავლენს, წერს გამოცემა.
„ზამთრის გამო ყველა შეშფოთებულია. თუ ომი არ შეწყდება, ზამთარი რთული იქნება. ამიტომ აშშ მხარეებს შორის შუამავლობას ცდილობს, რათა ერთიანი წინადადების შემუშავება მოხერხდეს“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა წყარომ.
უიტკოფი და კუშნერი სექტემბრის დასაწყისში მოსკოვსა და კიევში იმყოფებოდნენ. მას შემდეგ ისინი რუსეთთან და უკრაინასთან განახლებულ სამშვიდობო ინიციატივაზე მუშაობენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გუშინ ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომს „ჩიხური ვითარება“ უწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, მომდევნო თვეში საბრძოლო მოქმედებების შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილოს და ომის დასრულების გზა გამონახოს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა AXIOS-ს განუცხადა, რომ უიტკოფი და კუშნერი ხუთშაბათს დონალდ ტრამპს შეხვდნენ, რათა მისთვის აშშ-ის უახლესი წინადადება გაეცნოთ და მაიამიში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე მისი მოსაზრებები მოესმინათ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე მაიკ ნიდემი.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, დიპლომატიური მრჩეველი სერგეი კისლიცა და პარლამენტში მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია.
აშშ-მა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიიწვია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, აგრეთვე ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ციტატები სტატიიდან
„ზამთრის გამო ყველა შეშფოთებულია. თუ ომი არ შეწყდება, ზამთარი რთული იქნება. ამიტომ აშშ მხარეებს შორის შუამავლობას ცდილობს, რათა ერთიანი წინადადების შემუშავება მოხერხდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.