9 ოქტომბერს აშშ-ში განახლდება უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკება
აშშ-ში იწყება უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებები, რომლებშიც ევროპელი პარტნიორებიც მონაწილეობენ. შეხვედრებზე განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო ვარიანტები და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები.

უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ ინიციირებული და ჯერჯერობით წარუმატებელი მოლაპარაკება განახლდება იმ ფონზე, როცა რუსეთი სულ უფრო ინტენსიურად უტევს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.
მხოლოდ გასულ ორ დღეში უკრაინაში დაიღუპა 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში მოლაპარაკებას ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერჰი კისლიცა და ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია. ისინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდებიან.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის დარტყმების შეწყვეტას ზღვაზე და ენერგეტიკაზე. ასევე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის და დაფინანსების საკითხებს.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მომავალი კვირის ორშაბათს უკრაინის დელეგაცია კიევში იქნება და მოლაპარაკების ყველა დეტალს გააცნობს.
კიდევ რა არის ცნობილი 9-10 ოქტომბრის მოლაპარაკებაზე
სააგენტოების AFP-ის და Reuters-ის ამერიკული წყაროების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მაიამიში გაიმართება, განიხილება ახალი იდეები და წინადადებები, რომელთა განვითარებაც ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა რუსეთთან და უკრაინასთან დაიწყეს ამასწინანდელი ვიზიტისას.
იგულისხმება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, უიტკოფის და კუშნერის სექტემბრის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში. კონკრეტულად რა წინადადებებსა და იდეებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ში 9-10 ოქტომბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში უიტკოფის და კუშნერის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან და ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სახიფათო ჩიხში შევიდა. რუბიოს თანახმად, ვაშინგტონი განაგრძობს მუშაობას კონფლიქტის გადასაჭრელად.
კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსაზრებას დაეთანხმა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 8 ოქტომბერს სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუბიო მართალია და ჯერჯერობით ვერანაირ წინაპირობას(ომის დასრულების) ვერ ხედავენ, მაგრამ დიპლომატების ხელოვნება სწორედ ის არის, რომ იპოვონ რაღაც გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის „სამშვიდობო ტრაექტორიაზე გასვლას“.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ოქტომბერშივე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შემდგომი მოლაპარაკებისთვის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.