„შარვალი ჩაიწია და ორალური სექსი მომთხოვა“ — სერგეი ყანჩელი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს
სერგეი ყანჩელი აცხადებს, რომ თბილისში, კუკიის სასაფლაოს ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, იარაღით დაემუქრნენ და სექსუალური ძალადობა სცადეს, რის გამოც მან იძულებით დატოვა საქართველო. თბილისის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.

27 სექტემბერს თბილისში, კუკიის სასაფლაოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტს სერგეი ყანჩელი „ნეტგაზეთს“ დეტალურად უყვება. მისი თქმით, იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასაფლაოზე შეიყვანეს, სადაც მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, იარაღით დაემუქრნენ და დამცირებას ცდილობდნენ.
მომხდარის გამო ახალგაზრდა კაცი აცხადებს, რომ იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და იძულებით ემიგრაციაში გადახვეწილიყო.
როგორ დაიწყო ინციდენტი
როგორც სერგეი „ნეტგაზეთთან“ საუბარში იხსენებს, 27 სექტემბერს ის სარბენად იყო გასული კუკიის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველებმა გააჩერეს. თავდაპირველად მასთან სამი პოლიციელი მივიდა, რომლებმაც ის გაჩხრიკეს და მობილური ტელეფონის განბლოკვა მოსთხოვეს. სერგეის თქმით, სწორედ განბლოკვაზე მის უარს მოჰყვა შემდგომი ძალადობრივი პროცესები.
„მათ მოთხოვნაზე უარი ვუთხარი და განვუმარტე, რომ ეს არ იყო კანონიერი. მიპასუხეს, რომ ეს არ აინტერესებდათ. ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა — „წამო, წამო, ვილაპარაკოთო“ და იქვე, სასაფლაოზე შემიყვანა, სადაც მუქარა დაიწყო. რამდენჯერმე დამარტყა სახეში და გამაშიშვლა. ვიღაცასთან დარეკა, რის შემდეგაც დანარჩენი ორი პოლიციელიც შემოგვიერთდა და ცემა გააგრძელეს“, – იხსენებს ყანჩელი.
მისივე თქმით, მოგვიანებით ადგილზე კიდევ სამი სამართალდამცველი მივიდა. საბოლოო ჯამში, მასზე ძალადობაში 6 პოლიციელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი პირი კი, რომელიც რესპონდენტის თქმით, პოლიციელებმა თავიანთ „მეგობრად“ გააცნეს, უკანონო ჩხრეკაზე უარის თქმის გამო მას ფიზიკურად განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა.
მუქარა იარაღით, დანით და სექსუალური ძალადობის მცდელობა
ყანჩელის მონათხრობით, სასაფლაოს სიღრმეში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება ფსიქოლოგიურ ტერორსა და წამებაში გადაიზარდა.
„ერთ-ერთმა პოლიციელმა ამოიღო იარაღი და დაიწყო მუქარა, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მადებდა. მეორემ ცალკე გადამიყვანა და მითხრა — „ეხლა შენთვის უნდა ამოვთხარო საფლავიო“, ამოიღო დანა, მემუქრებოდა და სახე გამიკაწრა. მერე დაბრუნდა ის, ვინც იარაღით მემუქრებოდა, ვიღაცის საფლავზე ვიყავი წამოწოლილი და მეუბნებოდა: „მოგკლავ, მოგკლავ და გესვრიო“, – უყვება სერგეი „ნეტგაზეთს“.
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ინციდენტის ბოლო ეპიზოდი. როგორც ყანჩელი აღნიშნავს, როდესაც პოლიციელების ნაწილმა ტერიტორიის დატოვება დაიწყო, ერთ-ერთი მათგანი მასთან დარჩა და სექსუალური კავშირის დამყარება (ორალური სექსი) აიძულა, რაზეც უარი მიიღო და რასაც კვლავ ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.
ამასთან, მისი თქმით, ძალადობას თან ახლდა უკიდურესი მორალური დამცირებაც. კერძოდ, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ყანჩელის საფულიდან მისი და დედამისის ფოტოსურათი ამოიღო, გენიტალიებზე იდებდა, დედამისს აგინებდა და ფოტოს დაწვასაც ცდილობდა. გასვლისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მას შარვალზე წყალი შეასხა, მობილური ტელეფონი ბეტონზე დაუმსხვრია, მეორემ კი მას “აკაცუკი” უწოდა და უთხრა, რომ „ამ ყველაფრის ღირსი იყო“.
პოლიციის მხრიდან მიზანმიმართული დევნა თუ შემთხვევითობა?
კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს მომხდარს მიზანმიმართულ დევნას, ყანჩელი ზუსტ პასუხს ვერ სცემს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლიცია მას ქუჩაში ხშირად აჩერებდა.
„ბოლო დროს კვირაში ერთხელ მაინც მჩხრეკდნენ ხოლმე. უკვე ნორმალური იყო ჩემთვის. ერთხელ, როცა სანაპიროზე მზეში დავრბოდი სპორტულ ფორმაში გამოწყობილი და ოფლიანი ვიყავი, გამაჩერეს და მკითხეს: რას აკეთებო. არადა ნათელი იყო რომ ვვარჯიშობდი. ამიტომ, იმ დღესაც რომ გამაჩერეს, თავიდან დიდად არ მივაქციე ყურადღება“, – აღნიშნავს ის.
იძულებითი ემიგრაცია
მომხდარის შემდეგ, ყანჩელმა საქართველო დატოვა. როგორც ის „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, ქვეყნიდან წასვლა არ სურდა და ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ძალიან მძიმე იყო.
„მე ჩემს თავზე არ ვფიქრობდი, უფრო ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემი ახლობლებისთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა, რამე რომ დამმართოდა. მაგიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. რადგან უკვე აქ ვარ, ვეცდები მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო, გავაგრძელო სწავლა, მუშაობა და რითაც შევძლებ, საქართველოსაც დავეხმარო. თუმცა, რამე წინასწარი გეგმა არ მქონია, რადგან წასვლაზე ფიქრიც კი საშინელება იყო ჩემთვის“, – აცხადებს ყანჩელი.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
თავად ყანჩელი ჩვენთან საუბარში ამ მუხლს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული გაცილებით მძიმეა, ვიდრე მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„მათ მოთხოვნაზე უარი ვუთხარი და განვუმარტე, რომ ეს არ იყო კანონიერი. მიპასუხეს, რომ ეს არ აინტერესებდათ. ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა — „წამო, წამო, ვილაპარაკოთო“ და იქვე, სასაფლაოზე შემიყვანა, სადაც მუქარა დაიწყო. რამდენჯერმე დამარტყა სახეში და გამაშიშვლა. ვიღაცასთან დარეკა, რის შემდეგაც დანარჩენი ორი პოლიციელიც შემოგვიერთდა და ცემა გააგრძელეს“
„ბოლო დროს კვირაში ერთხელ მაინც მჩხრეკდნენ ხოლმე. უკვე ნორმალური იყო ჩემთვის. ერთხელ, როცა სანაპიროზე მზეში დავრბოდი სპორტულ ფორმაში გამოწყობილი და ოფლიანი ვიყავი, გამაჩერეს და მკითხეს: რას აკეთებო. არადა ნათელი იყო რომ ვვარჯიშობდი. ამიტომ, იმ დღესაც რომ გამაჩერეს, თავიდან დიდად არ მივაქციე ყურადღება“
„მე ჩემს თავზე არ ვფიქრობდი, უფრო ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემი ახლობლებისთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა, რამე რომ დამმართოდა. მაგიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. რადგან უკვე აქ ვარ, ვეცდები მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო, გავაგრძელო სწავლა, მუშაობა და რითაც შევძლებ, საქართველოსაც დავეხმარო. თუმცა, რამე წინასწარი გეგმა არ მქონია, რადგან წასვლაზე ფიქრიც კი საშინელება იყო ჩემთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.