ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები - ელისაშვილი აღწერს, რა ხდებოდა რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი რუსთავის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე პატიმრებმა მასშტაბური პროტესტი გამართეს და საპატიმრო ზანზარებდა. მისი თქმით, ვითარება კვლავ დაძაბულია და პენიტენციური დეპარტამენტი ტყუის.

ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები - ელისაშვილი აღწერს, რა ხდებოდა რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს
ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები - ელისაშვილი აღწერს, რა ხდებოდა რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერსTV პირველი

პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც სასჯელს რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის, პენიტენიციურ სამსახურს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს - როგორც პოლიტიკოსი ამბობს, 2 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების შესახებ ცნობა გავრცელდა, ციხეთა სისტემაში ვითარება დაიძაბა - ინგრეოდა და ზანზარებდა საპატიმრო, ილეწებოდა შუშები, არაერთმა პატიმარმა კი თვითდაზიანება მიიყენა.

ელისაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ - მსჯავრცდებული პოლიტიკოსის ცნობით, ციხეში ვითარება ისევ დაძაბულია.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.

პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.

არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.

ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.

ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.

თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით", - წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ალეკო ელისაშვილი.

რა მოხდა რუსთავის ციხეში:

რუსთავის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში ბადრაგი სექსუალურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე ათამდე ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

ამის შემდეგ პატიმრის ოჯახმა საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა მოითხოვა - ასევე იმ ბადრაგის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში პატიმარმა ამხილა.

მომხდარს დიდი პროტესტი მოჰყვა, როგორც დავითაძის ოჯახის და მოქალაქეების მხრიდან, ისე პატიმრებშიც. რამდენიმე პატიმარმა დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატების მიერ ციხიდან გამოტანილი ინფომაციის თანახმად, პატიმრების პროტესტს ბადრაგების მხრიდან სადამსჯელო ოპერაცია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი.

თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.