რუსულმა ძალებმა კრემენჩუკსა და პრილუკს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკსა და ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკზე მასიური სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, ქალაქმა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განადგურება განიცადა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
პოლტავას საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი დიაკივნიჩის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ამასთან, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.
„ერთ-ერთი დარტყმა მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა. ეს დილით მოხდა, როდესაც ხალხს ჯერ კიდევ ეძინა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამჟამად ყველა სამსახური ჩართულია და ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება.
ციტატები სტატიიდან
„ერთ-ერთი დარტყმა მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა. ეს დილით მოხდა, როდესაც ხალხს ჯერ კიდევ ეძინა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამჟამად ყველა სამსახური ჩართულია და ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.