თამო კეშელავა: კი, სხვა ქვეყნებშიც კვდებიან... ოღონდ იქ - ჯერ ცხოვრობენ, ჯერ ცოცხლობენ და მერე კვდებიან...
მე არ ვიცი რატომ ქვია ამას გარდაცვალება, ერთ დროს ცნობილი ჟურნალისტი, ერთ დროს სილამაზით გამორჩეული ქალი, დენის, წყლის, საჭმლის გარეშე რომ კვდება, საბუთიც რომ არ აქვს მოქმედი, რატომ არაა ეს მკვლელობა არ ვიცი.
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ჟურნალისტი, ნანა ნადირაძე რომ მოკლა სახელმწიფომ, გახსოვთ? 2019 წელს!
აკა სინჯიკაშვილმა ნახა, უსაბუთოდ, ელექტროობის და წყლის გარეშე, მშიერი, საწოლს მიჯაჭვული იწვა წლობით და მეორე დღეს გარდაიცვალა.
მე არ ვიცი რატომ ქვია ამას გარდაცვალება, ერთ დროს ცნობილი ჟურნალისტი, ერთ დროს სილამაზით გამორჩეული ქალი, დენის, წყლის, საჭმლის გარეშე რომ კვდება, საბუთიც რომ არ აქვს მოქმედი, რატომ არაა ეს მკვლელობა არ ვიცი.
ევროპაში რომ ისწავლა, ინუშავა ადამიანმა, იმოგზაურა, ყველა ოცნება აიხდინა და ასაკში, პენსია პენსიად, სოც. მუშაკი - სოც. მუშაკად, პენსიონრებთან ერთად ცეკვაზე რომ შეუძლია იაროს, ან ცურვაზე, წავიდეს კურორტებზე, იმოგზაუროს, ისწავლოს კიდევ ერთი უცხო ენა, დარგოს ყვავილები და მორწყას, ისე რომ კვებაზე და წამალზე დარდით არ ჩამოხმეს, - მისი გარდაცვალებაც გარდაცვალებაა და ნანა ნადირაძის სიკვდილიც გარდაცვალებაა?
ნანა ნადირაძე მოკლეს და განა მხოლოდ ნანა მოკლეს, კიდევ რამდენი ვინ დათვლის.
გგონიათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ?
ამ ქვეყნის სრული უმრავლესობის გონება მოცულია ფიქრით, როგორ გაანაწილოს ფული ზეთსა და მაკარონს შორის, როგორ დაზოგოს დედის წამლისთვის, ან შვილის ბოტასისთვის.
ეს ცხოვრებაა?
ჩვენი შვილები რომ უჩვენოდ დაიზარდნენ, რადგან წყეული წამლის, თუ ორი ლუკმის ფული მიგვეტანა ქანცგაწყვეტილებს სახლამდე, - ეგ ცხოვრებაა?
ბევრს ვეკითხები, რაზე ოცნებობდა ბავშვობაში და უმრავლესობას არ ახსოვს, ზოგი უხერხულადაც იშმუშნება, რადგან არ უნდა გახსენება და ერთმა მრავალშვილიანმა მამამ მითხრა, თვითმფრინავში ჩაჯდომაზე ვოცნებობდი და ახლაც ისეთი ძლიერია ეგ ოცნება, აეროპორტის სიახლოვეს რომ მოვხვდები, ცრემლი მომდისო.
ამაზე კარგ საიმიჯო რეკლამას რას გააკეთებდნენ კომპანიები, მივწერე რამდენიმეს და იცი რა, ბიუჯეტი არ გვაქვსო.
ერთი დღით რომ გადააფრინოს და უკან დააბრუნოს, მაგის ბიუჯეტი არ აქვს, იმიტომ რომ ცნობილი მოდელი იქირავა, ან უცნობი და ლამაზ ბიჭებს ნამზეური მხრები უჩანთ ფოტოებში და ქალებს მკერდი, - ესაა მათთვის საიმიჯო რეკლამა.
მიუხედავად სიღატაკისა, ეგ ადამიანი ცხოვრობს, სხვათა შორის, ახერხებს კარტოფილსა და პურზე ფიქრს შორის ოცნებას, - იშვიათად, ადამიანის გონებამ ამდენწლიან ჭამაზე დარდს გაუძლოს და რამეზე იფიქროს მაინც და კიდევ ჭამის გარდა.
და სანამ ჭამისას ჭამაზე ვფიქრობთ, ძილის წინ გადასახადებზე, დილით წამალზე და შუადღით სადმე დავიწუწუნებთ, რომ რა უცებ ეზრდება ამ ჩვენს შვილს ფეხი, ან რანაირად დადის, როგორ ეხევა ასე სწრაფად ფეხსაცმელი, - კი გადის ეს ჩვენი წლები, ცხოვრებისთვის რომ უნდა გვქონოდა.
20 წლის ადამიანს ოცნებებს რომ ართმევ, არ უნდა იყოს ეს მკვლელობა?
40-45 წლის ადამიანი რომ თმას ვერ იღებავს, კბილს ვერ იკეთებს და მხოლოდ შვილის გამოკვება-გადარჩენაა მისი ერთადერთი ფიქრი - ეს არაა მკვლელობა?
40+ ადამიანებს სულ ვეკითხები, როდის იყვნენ ბოლოს კაფეში, კინოში, დასასვემებლად, სამოგზაუროდ, როდის სცადეს ბოლოს რამე ახალის სწავლა, - იცით რამდენს არ ახსოვს?
რამდენს უწევს არჩევანის გაკეთება მშობლის მკურნალობასა და შვილის გამოკვებას შორის, იცით? - და მხოლოდ ეს ფიქრი, ეს არჩევანი რას უშვრება ადამიამის გონებას და ფსიქიკას?
რამდენ 40 წლის ადამიანს აქვს გაუხეშებული ხელები და ქუსლები გამერქნებული, ზაფხულში, მეტროში მაინც ვერ ხედავთ, თუ ფაქიზ საკითხს შევეხე და წესიერად ვწერო?
კი, სხვა ქვეყნებშიც კვდებიან...
სხვა ქვეყნებშიც ჭკნებიან და დნებიან..
ოღონდ იქ - ჯერ ცხოვრობენ, ჯერ ცოცხლობენ და მერე კვდებიან...
ჩვენ ნელ-ნელა და დიდხანს, ნელ-ნელა და დაუფასებლად ვკვდებით, ნელ-ნელა და უცხოვრებლად, თვეობით, წლობით ვკვდებით...
მანამდე კი - ვშრომობთ, ყოველდღიური საკვებისთვის, გადასახადებისთვის...
სიბერისთვის - არა!
სიბერისთვის - ვერა!
სიბერეში მარტოს გვტოვებს სახელმწიფო, დასადნობად, დასაჭკნობად...
სანამ შრომა შეგვიძლია - გადასახადებს ვიხდით, რაც მთავარია, ვიხდით, ვიხდით დაუსრულებელ ბეგარებს...
ვყიდულობთ უვარგის და მაინც ძვირადღირებულ პროდუქტს..
უვარგის და მაინც ძვირადღირებულ მედიკამენტებს...
ვყიდულობთ ყვეელაფერს, რასაც სახელმწიფო გვყიდის ძვირად და მაინც უვარგისს...
და მერე ვრჩებით უქონელნი, უვარგისნი, დამჭკნარნი და ვკვდებით, თვეობით, წლობით, ვკვდებით ისე - ცხოვრებას ვერ ვასწრებთ...
რანაირად შეიძლება ამდენი უცხოვრებელი ადამიანი არავისი ბრალი იყოს? ამდენი უცხოვრებელი და სიბერეში, თუ ავადმყოფობაში მოსაკლავად გამეტებული ადამიანისთვის არავინ ისჯებოდეს?
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.