ლიტვის სეიმმა ბირთვული იარაღის განთავსების დაშვებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ლიტვის სეიმმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს.

ლიტვამ საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების დაშვებისკენ ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც სეიმმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორება, რომელიც ბირთვული იარაღის განლაგების კონსტიტუციურ აკრძალვას აუქმებს. საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე მომავალ წელს მიიღონ.
LRT -ის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც სეიმმა 6 ოქტომბერს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, ლიტვაში ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს.
კენჭისყრაზე ინიციატივას მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა.
შესწორება კონსტიტუციის 137-ე მუხლს ეხება, რომელიც ამჟამად ლიტვის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხო სახელმწიფოების სამხედრო ბაზების არსებობას კრძალავს. მიღების შემთხვევაში, შესწორება აღნიშნული დებულების კონსტიტუციიდან ამოღებას გამოიწვევს.
სეიმის სპიკერმა იუოზას ოლეკასმა განაცხადა, რომ ცვლილების მიზანი ლიეტუვის უსაფრთხოებისა და შეკავების პოტენციალის განმტკიცებაა.
მისი თქმით, აკრძალვის გაუქმება ლიტვასა და ევროკავშირისა თუ NATO-ს სხვა ქვეყნებს შორის სამართლებრივ შეუსაბამობებსაც აღმოფხვრის.
მეორე და საბოლოო კენჭისყრა სამი თვის შემდეგ შეიძლება გაიმართოს. შესწორების მისაღებად 141-დან სულ მცირე 94 ხმა იქნება საჭირო. ოლეკასის განცხადებით, საბოლოო კენჭისყრა მომავალი წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…