ოჯახი პატიმარ დავითაძის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვს
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი მის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვს მას შემდეგ, რაც დავითაძემ პროტესტის ნიშნად საგანი გადაყლაპა. ოჯახი აცხადებს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ყველა პატიმრის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცულია და რომ დავითაძემ „ვივამედში“ გადაყვანაზე უარი განაცხადა. ადრე პატიმარმა განაცხადა, რომ №6 დაწესებულებაში მასზე სექსუალურად იძალადეს, რასაც პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

გიორგი დავითაძის დედ-მამა აცხადებს, რომ „რახან მან რაღაც გადაყლაპა პროტესტის ნიშნად, ესე იგი, რაღაც ხდება ამ ციხეში“.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ „ყველა პატიმრის სიცოცხლე დაცულია“.
„გადაიყვანონ სხვა ციხეში, სამარტოო საკანში“, - უთხრა დედამ, ირმა დავითაძემ „ტვ პირველს“.
დავითაძე ამჟამად რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, - იქ, სადაც, მისი თქმით, 2025 წლის 21 დეკემბერს მასზე სექსუალურად იძალადეს.
„რაღაცას გადასძახებენ, მწყობრიდან გამოიყვანენ“ - მამა
„ამიტომ მოვითხოვდი და ახლაც მოვითხოვ, რომ ჩამოაშორონ №6 დაწესებულებას ... ის ბადრაგები, რომლებიც იქ მუშაობენ, ვინც იღებდა მონაწილეობას ჩემი შვილის გაუპატიურებაში“, - თქვა მამამ, ავთანდილ დავითაძემ.
„მივლენ მის საკანთან, რაღაცას მიაძახებენ, რაღაცას გადასძახებენ, რაც მის ღირსებას ეხება, გამოიყვანენ მწყობრიდან და მერე იწყება იქ ის, რაც არ უნდა ხდებოედს“, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.
დედის განცხადებით, მის შვილზე „ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ტერორს ჰქონდა ადგილი“ რაც „ახლაც გრძელდება“. შემდეგ კი თქვა:
„სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო და მითხრა, არის მხნედ, ბრძოლისუნარიანი და შემოგვითვალა, ბრძოლა ბოლომდეო“.
„დაცულია ყველა პატიმრის სიცოცხლე“ - მინისტრი
5 ოქტომბერს გაიმართება იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ბრიფინგი - მან თქვა, რომ შეკითხვებს უპასუხებს.
„ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა“, - უთხრა მან ტვ პირველს სახლიდან გამოსვლისას. სხვა შეკითხებს არ უპასუხა და მხოლოდ თქვა:
„დაცულია ყველა პატიმრის სიციცხლე და უსაფრთხოება“.
„ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. და თავად განაცხადა გადაყვანაზე უარი“, - დასძინა მინისტრმა.
ინციდენტი კვირა საღამოს
4 ოქტომბერს, 22:45 საათისთვის, პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც იმავე საღამოს დავითაძემ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“.
უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე და გადაღებულია საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერით.
განცხადებიდან არ ირკვევა, საიდან ჰქონდა დავითაძეს „გაურკვეველი მცირე საგანი“ - ან რა ტიპისა შეიძლება ყოფილიყო ეს საგანი.
პენიტენციური სამსახურის თანახმადვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის „მონიტორინგის მიზნით“ დავითაძეს შესთავაზეს „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან „კატეგორიული უარი განაცხადა“.
„შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, - აცხადებს სამსახური.
გიორგი დავითაძის საქმე
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.
უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.
ციტატები სტატიიდან
„გადაიყვანონ სხვა ციხეში, სამარტოო საკანში“
„ამიტომ მოვითხოვდი და ახლაც მოვითხოვ, რომ ჩამოაშორონ №6 დაწესებულებას ... ის ბადრაგები, რომლებიც იქ მუშაობენ, ვინც იღებდა მონაწილეობას ჩემი შვილის გაუპატიურებაში“
„მივლენ მის საკანთან, რაღაცას მიაძახებენ, რაღაცას გადასძახებენ, რაც მის ღირსებას ეხება, გამოიყვანენ მწყობრიდან და მერე იწყება იქ ის, რაც არ უნდა ხდებოედს“
„სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო და მითხრა, არის მხნედ, ბრძოლისუნარიანი და შემოგვითვალა, ბრძოლა ბოლომდეო“
„ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა“
„დაცულია ყველა პატიმრის სიციცხლე და უსაფრთხოება“
„ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. და თავად განაცხადა გადაყვანაზე უარი“
„რახან მან რაღაც გადაყლაპა პროტესტის ნიშნად, ესე იგი, რაღაც ხდება ამ ციხეში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.