ხარკოვში მსხვერპლია რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად
ხარკოვში რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. თავდასხმა ინდუსტრიულ რაიონზე განხორციელდა, სადაც დაზიანდა მრავალბინიანი სახლები და ადმინისტრაციული შენობა.

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა „ბანდეროლებით“ შეუტიეს.
„ბანდეროლი“ მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტაა(რაკეტისა და დრონის ჰიბრიდი).
ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი თავდაპირველად ორი დაღუპულის შესახებ წერდა თავის ტელეგრამ-არხზე, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ დაღუპულია ერთი და დაჭრილია ექვსი ადამიანი.
ტერეხოვის ინფორმაციით, „ბანდეროლებით“ დარტყმა იყო ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონზე, სადაც დაზიანებულია ათამდე მრავალბინიანი სახლი. დაიწვა ადმინისტრაციული შენობა და ავტომანქანები.
ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები ყოველდღე უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.