ისტორიული მაქსიმუმი და ევროპის საუკეთესო ხუთეული - საქართველოს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობის მიუხედავად, ევრობიუროკრატების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მაინც ისმის
ევროკომისიის ოფიციალური გამოკითხვისა და ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობის ინდექსი 54.1%-მდე გაიზარდა, რითაც ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია და ზოგიერთი ევროპელი თუ ამერიკელი აქტორი კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა და ორმაგი სტანდარტების შესახებ განცხადებები მოჰყვა.

რა კავშირია ხალხსა და ხელისუფლებას შორის და ენდობა თუ არა მოქალაქე საკუთარ სახელმწიფო ინსტიტუტებს? - საქართველოში მთავრობისადმი ნდობის ინდექსი ევრობარომეტრით გაიზომა. ევროკომისიის ოფიციალური გამოკითხვის ფარგლებში, ქვეყანა, 54.1%-ით, ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა - ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო და ავსტრია.
რატომ სცდება ერთმანეთს ერთი და იგივე ევროპული სტრუქტურების კვლევის ციფრები და ზეპირი განცხადებები? უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ევრობიუროკრატები, რომლებიც ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური მიზნების გამო, საკუთარ ინსტიტუტებს დაქვემდებარებულ კვლევასაც უგულებელყოფენ.
ევროკომისიის კვლევის შედეგები მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა - გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში. საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი ევრობარომეტრის შეფასების 100%-იანი სისტემით მიიღო და მე-8 ადგილიდან სამი საფეხურით დაწინაურდა. ევროკომისიის ნდობის რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთ წელში მოქალაქეების ნდობა მთავრობის მიმართ გაზრდილია, არ ენდობა ოპოზიცია.
ევრობარომეტრის შედეგების მიუხედავად, ოპოზიციის მსგავსად, წლებია, საპირისპიროს ამტკიცებენ ევროპელი ბიუროკრატებიც და კონკრეტული ამერიკელი აქტორებიც. ასეთია მაგალითად ჯო უილსონი, რომელიც საკუთარ განცხადებებში საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ერთმანეთისგან მიჯნავს. ეს მაშინ, როდესაც იგივე ხალხი, ევროკომისიის კვლევით, იმავე მთავრობას ენდობა. მმართველ გუნდში დღეს არაერთი ასეთი გზავნილი გაიხსენეს და თქვეს, რომ მცდარი აღქმების შექმნის მცდელობებს სათანადოდ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული მათივე სტატისტიკა პასუხობს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ევროპის 40-მდე ქვეყანაში ჩატარდა. 2025 წლის რეიტინგით, სადაც საქართველო მეხუთე ადგილზეა, ლიდერობს ლუქსემბურგი. ბოლო პოზიციაზეა ხუთი ქვეყანა - ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერვეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.