მორიგი პოლიტიკური მარცხი - უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" აქციის ჩაშლას მათ პოლიტიკურ განაჩენად მიიჩნევს
ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია ხალხის სიმცირის გამო მალევე დასრულდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს ოპოზიციის მორიგი პოლიტიკური მარცხი და პოლიტიკური განაჩენია.

1 კვირიანი ანონსის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" აქცია 1 საათსაც ვერ გაგრძელდა. დაგეგმილ დროს ხალხის სიმცირის გამო ვერ დაიწყეს, დაწყებული კი რამდენიმე წუთში დაასრულეს. შეკრების მთავარი მიზანი იმ ერთპიროვნული ლიდერის გამხნევება და მხარდაჭერა იყო, რომელიც რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებიდან ხშირად გასცემს განკარგულებებს და თანაგუნდელებს უმოქმედობისთვისაც ტუქსავს. "ნაციონალების" მოლოდინი, რეალური სურათით არ გამართლდა, ამის მიუხედავად, დღეს მაინც ამტკიცებდნენ, რომ ფართომასშტაბიანი ვერა, მაგრამ სიმბოლური აქცია შედგა.
მაშინ როცა, მთელი კვირა ხალხს აქციაზე ეპატიჟები, პასუხს კი რამდენიმე ათეულ კაციანი აქციით იღებ - ეს პარლამენტის თავმჯდომარისთვის პოლიტიკური განაჩენია. შალვა პაპუაშვილის თქმით, მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ არა დესტრუქციასა და არეულობას, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
6 საქმეში ბრალდებული და აქედან 4 ში უკვე დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 5 წლისთავისადმი დაგეგმილ აქციას, მისი რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანიც რამდენიმე დღით ადრე აანონსებდა, თუმცა ამ აქციის ამსახველი არც ერთი ფოტო ან ვიდეო სოციალურ ქსელში არ გაუვრცელებია. სააკაშვილის გუნდის რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი არც სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანმა არა, თუმცა ტრიბუნა რამდენიმეწუთიან აქციაზე სხვებმა დაიკავეს. ციხეში მყოფი ლიდერის გარედან გამხნევება მასშტაბური აქციით ვერ შეძლეს, მაგრამ სადღეგრძელოდ ნათქვამი სიტყვები არ დაიშურეს.
განულებული ოპოზიციის რეალური სახე, მმართველი გუნდის თქმით, ჯერ IRI-ის კვლევის შედეგებმა, შემდეგ კი "ნაციონალების" საპროტესტო აქციამ აჩვენა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უცხოეთიდან მიღებული დავალებების შემსრულებლებს, ქართველი ხალხის ნდობის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.
მორიგი პოლიტიკური მარცხი "ნაციონალური მოძრაობის" ავტორობით - სახელისუფლებო გუნდიდან ყოფილ მმართველ პარტიას დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მათი ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ ველზე არ არის.
ავტორი: ნანა გოგატაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.