ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, მათ დანაშაულებრივი სქემით მილიონობით ლარის აქტივები გაათეთრეს.

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.
ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე. ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდგომში, მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით, რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნული გზით, 2020-2026 წლებში, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ - მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას". - წერს უწყება განცხადებაში.
მათივე ცნობით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის გიორგი ფეიქრიშვილს, დავით ფეიქრიშვილს და მის დაცვის წევრს ალექსანდრე ჩაფოძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 სექტემბერს შეუფარდათ.
შსს-მ ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი 22 სექტემბერს დააკავა.
"შუქნიშანთან გაჩერების გამო სცემეს" – დავით ფეიქრიშვილს და კიდევ 1 პირს ბრალი წარედინა
"$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით" – POG-მა გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
ძმები ფეიქრიშვილები კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები არიან. მათი სახელები არაერთ საქმეში ფიგურირებდა. წარსულში ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც იყვნენ დაკავებულები.
ასევე, 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებითაც დააკავეს - საქმე ეხებოდა მილიონზე მეტ ლარს.
გარდა ამისა, 2020 წელს სუს-მა 6 პირი დააკავა, რომლებსაც ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების დაგეგმვა ედებოდათ ბრალად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.