ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„რუსეთთან დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე“ - ჯაღმაიძე

ქართული ოცნებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიმდინარეობს დიალოგი რუსეთთან რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის თაობაზე. მისივე თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრებზე მთავარი თემა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება იყო.

„რუსეთთან დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე“ - ჯაღმაიძე
„რუსეთთან დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე“ - ჯაღმაიძერადიო თავისუფლება

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ტაძარზეა საუბარი.

„რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“, - თქვა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძემ განცხადება 2 ოქტომბერს, თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის, „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, ფარგლებში გააკეთა.

კონფერენციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სასულიერო პირები და საეკლესიო და საპარლამენტო დელეგაციები.

შეხვედრები საპატრიარქოში

კონფერენციის წინა დღეებში საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები გამართეს მოსკოვისა და მსოფლიო საპატრიარქოების დელეგაციებმა.

30 სექტემბერს შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს შორის იყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი და რუსეთის პატრიარქ კირილეს მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და იქ „საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება“ იყო.

მისი თქმით, შიო III-მ შეხვედრაზე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსახურების ჩატარება არ შეუძლია, დევნილ მოსახლეობას კი არ აქვს შესაძლებლობა, მათ შორის განსაკუთრებულ დღეებში, წინაპრების საფლავებზე მივიდეს.

„ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები, რომ ოდნავ მაინც რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, ოკუპაცია გააუქმოს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს, ასე რომ, გარკვეულწილად პოლიტიკური გარემოებების მძევლები ვართ“, - თქვა ჯაღმაიძემ.

მისი განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

„რუსეთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია“, - განაცხადა მან.

1 ოქტომბერს შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასაც უმასპინძლა, რომელსაც ავსტრიის მიტროპოლიტი არსენი ხელმძღვანელობდა.

რუსეთში ვიზიტის ალბათობა

ჯაღმაიძემ ასევე უპასუხა კითხვას საქართველოს საპატრიარქოს შესაძლო საპასუხო ვიზიტზე მოსკოვში. მისი თქმით, ასეთი ვიზიტი გამორიცხული არ არის, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი ან სამზადისი არ არსებობს.

„ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული“, - თქვა ჯაღმაიძემ.

2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ილია II-ის ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2016 წელს შედგა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები, რომ ოდნავ მაინც რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, ოკუპაცია გააუქმოს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს, ასე რომ, გარკვეულწილად პოლიტიკური გარემოებების მძევლები ვართ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რუსეთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.