კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე მოადგილეებთან ერთად სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე სასწავლებლების საჭიროებები, გამოწვევები და მათი მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლებლების საჭიროებები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები. კულტურის მინისტრმა დარგის წარმომადგენლების და სასწავლებლების ხელმძღვანელების მოსაზრებები მოისმინა.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მზად არის როგორც შემოქმედებითი და სასწავლო, ასევე ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მიმართულებებით არსებული საკითხები დარგის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე განიხილოს და შესაბამისი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები მიიღოს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“, ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებლის, თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლისა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე და სახელოვნებო განათლების და მუსიკალური ხელოვნების სამმართველოს უფროსი თამარ წულუკიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.